მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ დადგება დამატებითი ფულადი სახსრების მოძიების საჭიროება, მხოლოდ მაშინ შეიძლება IMF-თან ახალ პროგრამაზე საუბარი განვაახლოთ - ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამასთან დაკავშირებით საუბარი არ მიმდინარეობს.

როგორც ხუციშვილმა ვაშინგტონში მიმდინარე სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებზე BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, ფონდთან აქტიური თანამშრომლობა გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე.

თუმცა მისი თქმით, საქართველო ამ ეტაპზე არ საჭიროებს დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებას, შესაბამისად, ახალი პროგრამის საჭიროებაც დღის წესრიგში არ დგას.

„სავალუტო ფონდთან ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს. ეს თანამშრომლობა მოიცავს ყოველწლიურ ფორმატში საქართველოს ეკონომიკის სიღრმისეულ შეფასებას. სულ ახლახან, ორი კვირის წინ იყო ფონდის მისია საქართველოში ჩამოსული, რომელმაც ძალიან პოზიტიურად შეაფასა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ის რეფორმები, რომელსაც საქართველო ახორციელებს. ამ მიმართულებით სავალუტო ფონდი რჩება ძალიან აქტიური მხარდამჭერი ჩვენი რეფორმებისა და გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ტექნიკური დახმარების მისიები, რომლის მიხედვითაც შესაძლებლობა გვაქვს, მივიღოთ ის ექსპერტიზა გარკვეულ რეფორმებთან მიმართებაში, რომლის საჭიროებაც ქვეყანას გააჩნია. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და მნიშვნელოვანი რეფორმა არის სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სადაც ჩვენ უკვე მივიღეთ საბოლოო ანგარიში საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რომელიც შეცვლილია და საბოლოო სახით არის ჩვენი შენიშვნების და კომენტარების გათვალისწინებით, რომელიც უკვე ჩვენთვის სრულად მისაღებია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რეფორმის ნაწილში ჩვენ გვაქვს სრული, 100%-იანი თანხმობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

ასევე აღინიშნა, რომ ის უკვე გადადგმული ნაბიჯები სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან მიმართებაში, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა ტიპის ოპტიმიზაციას, არის ძალიან დადებითად შეფასებული. ეს არის ერთი ნაწილი, თუმცა რეფორმას აქვს, საკმაოდ ბევრი კომპონენტი, გარდა ოპტიმიზაციისა, მათ შორის მართვის ნაწილში, მათ შორის ფინანსური ზედამხედველობის ნაწილში და ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას.

რაც შეეხება პროგრამას, ჩვენ გვქონდა, ზოგადად საუბარი მისიის ფარგლებში. საქართველო ამ ეტაპზე არ საჭიროებს ფინანსურ დახმარებას, ანუ დამატებითი ფინანსების მოძიებას უშუალოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს პროგრამის დაწყებასთან მიმართებაში საუბარი, თუმცა ყველა ის საჭიროება, რაც შეიძლება ქვეყანას დაუდგეს, როგორც რეფორმების განხორციელების კუთხით, ასევე სხვადასხვა ტიპის ტექნიკური დახმარების კუთხით, საქართველო აქტიურად იღებს ამ დახმარებას. იმ შემთხვევაში თუ დადგება დღის წესრიგში დამატებითი ფულადი სახსრების მოძიების საჭიროება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება განახლდეს საუბარი პროგრამასთან მიმართებაში. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობის მხრიდან აქტიურად გამოითქვა მზადყოფნა, რომ ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც თუ ასეთი საჭიროება საქართველოს შეექმნება, ჩვენ შეგვიძლია, მოვითხოვოთ პროგრამა და სავალუტო ფონდი არის მზად, რომ ასეთი ტიპის თანამშრომლობაც გაგრძელდეს ჩვენს შორის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.

კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები