"თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო", - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ "ალტე უნივერსიტეტის" ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ტექნოლოგიური ინჟინერმა, ნანა დიხამინჯიამ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, გომელაურის განცხადება სრულიად არაადეკვატური იყო. ხოლო შაბათს, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო არასოდეს გახდება არც რუსეთი, არც ჩინეთი და მით უმეტეს, არც ჩრდილოეთ კორეა.
„გომელაურის განცხადება იყო სრულიად არაადეკვატური. მან თქვა, რომ ბოლო წლებში სახელმწიფო იქცეოდა როგორც სახელმწიფო და ახლა მოიქცევა როგორც რუსეთი, ანუ ყველას დაგვიჭერს.
თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო. არანაირი პრობლემა ამაში არ არის და ალბათ ხელს შევუწყობ მათი უფლებების დაცვას, გაძლიერებას. ჩემს ირგვლივ ვინც დგას, არავისთვის არ არის ეს პრობლემა, რადგან როგორ შეიძლება საკუთარი მთავრობის გვეშინოდეს. რა ხალხი და რა ერი ვართ მაშინ, თუ საკუთარმა მთავრობამ უნდა შეგვაშინოს. მაშინ ვართ რუსეთი და მაშინ ვართ ჩინეთი და ჩვენ არ ვიქნებით ქართველი ხალხი. ჩვენ შაბათს ვაჩვენეთ, რომ საქართველო არასოდეს გახდება არც რუსეთი, არც ჩინეთი და მით უმეტეს, არც ჩრდილოეთ კორეა.
ყველა ერთმანეთს აფრთხილებს, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ. მინიმალური პროვოკაციაც კი არ გამოიყენონ ძალოვანი სტრუქტურების მიმართ. იქ არანაირი ძალადობის ნიშნები არ არის. ქართველი ერი ამ საშინელი კანონის მიმართ პროტესტს გამოვხატავთ ძალიან მშვიდად. ზოგი ადგილზე და ზოგიც ეკრანზე ძალადობას ვუყურებდით, რომ დაკავებულ ადამიანს თავში და სახეში 10-15 ადამიანი ურტყამდა. არ ვიცი ეს მხეცობა რას ნიშნავს“,- აცხადებს დიხამინჯია.
მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობა ამ კანონით არა ორგანიზაციების იდენტიფიცირებას, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეჩერებას ცდილობს.
„ყველა დასავლური სახელმწიფო და ამერიკა გვეუბნება, რომ ეს კანონი არის რუსული. ისინი გვეუბნებიან, რომ თუ თქვენ ამ კანონს მიიღებთ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურ შეზღუდვას და ვერ განვითარებას გულისხმობს, ჩვენ შევწყვეტთ თქვენთან მუშაობას“, - აცხადებს ტექნოლოგიური ინჟინერი.