მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ დარღვევები მმართველმა პარტიამ ჩაიდინა, არაა მიზანშეწონილი გამოძიებაც მმართველმა პარტიამ ჩაატაროს - აშშ გამოძიებაში სხვა მხარეების ჩართვის მნიშვნელობაზე

ბიძინა ივანიშვილი
02.11.24 22:11
8218

აშშ-ის ხელისუფლება საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამოძიებაში მხოლოდ საქართველოს მთავრობის საგამოძიებო უწყებების გარდა, ჩაერთონ სხვა მხარეებიც - ამის შესახებ საუბარია ამერიკის ხმის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

"საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, “ამერიკის ხმა” შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს, ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამ პირობით საუბრის მიზეზი, საკითხის მიმართ შეერთებული შტატების პოზიციის უფრო ფართო განხილვის შესაძლებლობაა.

“არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა უფრო მეტად გვაშფოთებს, ვიდრე იქამდე. იყო წინასაარჩევნო პერიოდში გადადგმული მთელი რიგი ნაბიჯები, რამაც გამოიწვია ჩვენი ძალიან დიდი შეშფოთება იმ მიმართულების გათვალისწინებით, რომლითაც ქვეყანა და კონკრეტულად ხელისუფლება მიდიოდა. ეს მოიცავდა ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონს. მაგრამ, არჩევნებმა, “უცხოური გავლენის” კანონმდებლობის მიღმა, დამატებითი შეშფოთების მთელი რიგი გამოიწვია - ადმინისტრაციული რესურსების ამდენი არასწორად გამოყენების და როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამბობენ, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების შემთხვევების გამო. ეუთოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საკმაოდ მკაცრი იყო შეფასებაში თუ რამდენად პრობლემურად ჩატარდა არჩევნები”, - აცხადებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალური პირი.

საქართველოს პროკურატურამ, არჩევნებზე შესაძლო დარღვევების გამოსაძიებლად, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 29 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაიბარეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მისი ოფიციალური შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

პასუხად კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, როდესაც არსებობს შეშფოთება სასამართლოზე არსებული პოლიტიკური გავლენების თაობაზე, შეერთებული შტატების ოფიციალური პირი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევები დამოუკიდებელი მექანიზმით უნდა გამოიძიოს.

“იმისთვის, რომ [გამოძიება] მიუკერძოებელი იყოს, საქართველოს მთავრობამ ის მიუკერძოებელი მექანიზმით უნდა ჩაატაროს. შესაძლოა საერთაშორისო მექანიზმით ან ისეთი მექანიზმით, რომელშიც ჩართულნი იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ან ჯგუფები, რომლებიც მოიცავს სხვა პოლიტიკურ ძალებს, რათა გამოიძიონ ზოგიერთი საკითხი. რადგან, თუ ამ დარღვევებზე პასუხისმგებელია მმართველი პარტია, არ არის მიზანშეწონილი, გამოძიება თავად მმართველმა პარტიამ წარმართოს. მე კონკრეტული მექანიზმი მხედველობაში არ მაქვს, მაგრამ ვიტყვი, რომ არჩევნებისადმი ნდობისთვის, გამოძიების მიუკერძოებელი მექანიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, - ამბობს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალური პირი.

ის დასძენს, რომ მიმართულება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება მოძრაობს, შეუსაბამოა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზასთან.

“საქართველოს მთავრობის მიმართულება, განსაკუთრებით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, დაშორებული იყო დემოკრატიულ ნორმებსა და ინსტიტუტებს და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ის, რაც მოხდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, შეუთავსებელია ევროკავშირსა და ნატოსკენ საქართველოს გზასთან. მიმართულება ნათელია. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა არსებობდა, იმის მიუხედავად, თუ რა წინათგრძნობა ჰქონდა ხალხს არჩევნების დღემდე, ყოველ შემთხვევაში თეორიულად მაინც. რაც ჩვენ ვნახეთ, არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, დაშინების და იძულების შემთხვევებით. ეს იმედგამაცრუებელია. ეს მოითხოვს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, არა მხოლოდ შეერთებულმა შტატებმა, არამედ ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ევროპაში, ერთობლივად შეაფასონ რა ნაბიჯებს გადავდგამთ და ასევე შევაფასოთ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ქვეყანას შეეძლება გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა”, - ნათქვამია სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები