სოფლის მეურნეობის არასტანდარტული პროდუქციის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამებზე BMGTV-ის გადაცემა “წერტილის” ეთერში ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა დარგის ხელშეწყობისთვის განსხვავებული პოლიტიკის გატარებაა საჭირო, რადგან სუბსიდირება არაეფექტურია.
“ციფრებით ჩანს, რომ სოფლის მეურნეობას აუცილებლად სჭირდება მიხმარება და სწორი პოლიტიკის გატარება. როდესაც სუბსიდირებაზეა ლაპარაკი, შეიძლება რაღაც დარგი 1-3 წელი ასუბსიდირო, მაგრამ თუ მას 10 წელი სჭირდება სუბსიდირება, ეს არის უკვე ტყუილი ფულის ყრა, ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით.
იმისათვის, რომ დაინახო, რატომ ხდება ამ ფულის ბიუჯეტიდან გადაყრა, საჭიროა ამაზე საუბარი და კონკრეტული სპეციალისტების ჩართულობა. რატომ არის ეს პრობლემა? სამწუხაროდ ჩვენ ამას არ გვეკითხებიან და არც იმის საშუალება გვეძლევა ყოველთვის, რომ მივიდეთ და დაველაპარაკოთ. მწარმოებლების პრობლემები ასოციაციასა და მათი ურთიერთობის შემდეგ სახელმწიფომაც უნდა გაითვალისწინოს”, - ამბობს ბეჟიტაშვილი.
მისი თქმით, თუ დარგს ხანგრძლივი სუბსიდირება სჭირდება, პრობლემების პრევენცია უნდა მოხდეს და არა უკვე დამდგარ ფაქტთან ბრძოლა.
“სუბსიდირება უფრო სოციალური პროექტია, ვიდრე ეკონომიკური. არ შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში ერთი და იგივე მიმართულება ასუბსიდირო, ე.ი. იქ რაღაც პრობლემა არსებობს და ჩვენ ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ და არა უკვე დამდგარ ფაქტს. თუ არის არასტანდარტული ხილი რაღაც რაოდენობით, ეს ყველა ქვეყანაში ხდება, თუმცა მცირე რაოდენობებით და ამას გადამმუშავებელი მრეწველობა ითვისებს, ყოველგვარი სუბსიდირების გარეშე. ფერმერს აღარ უჩნდება მოტივაცია, ხარისხზე იყოს ორიენტირებული, თუ გარანტირებულად იცის, რომ ჩააბარებს პროდუქტს. ეს დათვური სამსახურია”, - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი.
2023 წელს საქართველოს ბიუჯეტიდან ვაშლის სუბსიდირებისთვის 1,2 მლნ, ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მლნ, ხოლო თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულებისთვის 20.9 მლნ ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, გაორმაგდა არასტანდარტული მანდარინის სუბსიდიის ღირებულებაც, რომლის რთველი ჯერაც აქტიურ ფაზაშია.