საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით, განვითარებად ქვეყანაში, ეკონომიკის განვითარების ბანკის შექმნა, თავისთავად კარგი იდეაა, მაგრამ დღევანდელ პირობებში, დემოკრატიული კონტროლისა და მკაფიო ხედვის გარეშე - სახელმწიფო ბანკის შექმნა უფრო საფრთხეა, ვიდრე ეკონომიკური სტიმული.
„მნიშვნელოვანია, ეკონომიკის განვითარების სახელმწიფო ბანკი არ შევიდეს კონკურენციაში საბანკო სექტორთან“, - აცხადებს ყოფილი დეპუტატი.
რა რისკებს შეიცავს საქართველოში სახელმწიფო ბანკის შექმნა? - პარლამენტის ყოფილმა წევრმა, პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ვრცლად ისაუბრა იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე, რაც ამ ინიციატივას ახლავს.
საქმე ის არის, რომ 12-წლიანი პაუზის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ისევ აანონსებს ეკონომიკის განვითარების სახელმწიფო ბანკის შექმნას. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს არ იქნება კლასიკური ბანკი, თუმცა მისი ფუნქციების ნაწილი კრედიტების გაცემასაც მოიცავს. სახელმწიფო ბანკის მისია, დაფინანსების წყაროები და სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ახალი სტრუქტურა ყოფილი „საპარტნიორო ფონდისა“ (ახლანდელი საქართველოს განვითარების ფონდი) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე დაფუძნდება.
დიმიტრი ცქიტიშვილის ხედვით, ჯანსაღი ეკონომიკური გარემოსთვის ქვეყანას მინიმუმ სამი ტიპის საფინანსო ინსტიტუცია სჭირდება - დღეს საქართველოში ეს ბალანსი მკვეთრად დარღვეულია.
- საბანკო სექტორი - ყოფილი დეპუტატის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო სფერო ყველაზე წარმატებული სექტორია, ორი ბანკის დომინირება პრობლემას ქმნის. „მიმაჩნია, რომ საფინანსო სექტორში კონკურენციის მასშტაბები მნიშვნელოვნად არის დარღვეული. მიუხედავად იმისა, რომ ბანკებს მხოლოდ კანონმდებლობით დაშვებულ პროფილური საქმიანობას ეწევიან, რეალურად ორივე დომინანტ ბანკთან ასოცირებული არაერთი არაპროფილური ბიზნესი არსებობს... ჯანსაღი გარემოსთვის უმჯობესია, მცირე ბანკების ერთობლივი კაპიტალი აჭარბებდეს მსხვილი მოთამაშეების წილს. მიუხედავად ამ ხარვეზებისა, საბანკო სექტორი მაინც რჩება ყველაზე გამართულ და წარმატებულ სფეროდ ქვეყანაში“, - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.
- კაპიტალის ბაზარი - ყოფილ დეპუტატს მიაჩნია, რომ მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი კაპიტალის ბაზარია, რომელიც საბანკო სექტორის პირდაპირი კონკურენტი უნდა გახდეს. „კაპიტალის ბაზარმა ხელი უნდა შეუწყოს არა მხოლოდ გრძელვადიან დაკრედიტებას, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ რესურსებზე წვდომას - განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ სექტორებში. კაპიტალის ბაზრის მეშვეობით ბიზნესს შეუძლია მოიპოვოს ისეთი დამატებითი რესურსი, რომელიც კომერციულ ბანკებს არ გააჩნიათ, რადგან ამ უკანასკნელთა რესურსები უფრო მოკლევადიანია და მაღალ რისკებს ერიდებიან... ეს არის ის სექტორი, რომელიც კონკურენციაში უნდა შევიდეს ბანკებთან. დღეს საბანკო სექტორში არსებული ჭარბი დანაზოგები ხშირად ვერ მიიმართება ბიზნესისკენ, კაპიტალის ბაზარი კი ამ რესურსის რეალურ სექტორში დაბანდების საუკეთესო გზაა, რაც ჩვენი ეკონომიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს“, - აცხადებს ის.
- ეკონომიკის განვითარების ბანკი - დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით, ჯანსაღი ეკონომიკური გარემოსთვის საჭირო მესამე კომპონენტი განვითარების ბანკია. „პრინციპში, ეს აქსიომაა: თუ ქვეყნის წინსვლა გვსურს, ასეთი ინსტიტუცია უნდა არსებობდეს, თუმცა ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის გარეშე მისი ფუნქცია გაურკვეველი რჩება; როდესაც ეკონომიკა თვითდინებაზეა მიშვებული და მას მხოლოდ ბაზრის კონიუნქტურა აკორექტირებს, საბანკო სექტორი მხოლოდ დაბალრისკიან დარგებს აფინანსებს. ასეთ დროს ვითარდება მხოლოდ ის, რაც თავისთავად, ყოველგვარი სახელმწიფო ჩარევის გარეშეც განვითარდებოდა. თუ სახელმწიფოს არ აქვს განსაზღვრული საკუთარი როლი და ხედვა, მაშინ გაუგებარია, რისთვის ქმნის [მთავრობა] განვითარების ბანკს - [ბანკებს] რომ ხელი შეუშალოს?!“ - კითხვას სვამს პოლიტიკოსი.
ამდენად, დიმიტრი ცქიტიშვილი ასკვნის, რომ „განვითარების ბანკის შექმნა გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის გარეშე არაეფექტიანი იქნება. მისივე აზრით, ეკონომიკური პრიორიტეტების განსაზღვრა არ უნდა ხდებოდეს ცალკეული მინისტრების დონეზე, არამედ ეს უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ხედვა, როგორც ეს "აზიური ვეფხვების" შემთხვევაში მოხდა.
„იქ განვითარების ბანკები, სახელმწიფო კაპიტალიზმი და განათლება ერთმანეთთან მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული“, - აღნიშნა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში პოლიტიკოსმა გაიხსენა „საპარტნიორო ფონდის“ გამოცდილებაც, რომელიც, მისი შეფასებით, ხშირად კორუფციულ სქემად იქცეოდა, სადაც სახელმწიფოს ფული კონკრეტული ადამიანების ინტერესებს ხმარდებოდა.
„განვითარების ბანკი არ უნდა იქცეს „საპარტნიორო ფონდის“ ანალოგად, რომელიც კორუფციულ სქემად ჩამოყალიბდა. იქ სახელმწიფო ფული არა ქვეყნის სტრატეგიულ დარგებს, არამედ კერძო ინტერესებსა და გაურკვეველ პროექტებს ხმარდებოდა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ ხშირად ფონდის კაპიტალი მმართველი გუნდის წევრებთან ან ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ კომპანიებზე იხარჯებოდა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ახალმა ბანკმა იგივე გზა არ გაიაროს, აუცილებელია: დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური, რომელიც არ იქნება "სუს-ის ჯიბეში ჩასმული" და სისტემური კონტროლი, რათა ბანკი არ გადაიქცეს კორუფციულ ინსტრუმენტად და ხელი არ შეუშალოს იმ ჯანსაღ კონკურენციას, რომელიც მის გარეშე არსებობს.
საბოლოო ჯამში, ეკონომიკური განვითარების ბანკის მიმართ დიმიტრი ცქიტიშვილის პროგნოზი სკეპტიკურია - მისი აზრით, არსებულ პირობებში, როდესაც ქვეყანას არ გააჩნია არც დემოკრატიული კონტროლი და არც განათლებისა თუ ეკონომიკის განვითარების მკაფიო სტრატეგია, სახელმწიფო ბანკი, დიდი ალბათობით, ახალი კორუფციის წყარო გახდება.
რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? – „წერტილი უნდა დავუსვათ გაუაზრებელ პოლიტიკას. ქვეყანას სჭირდება გრძელვადიანი, გონივრული ხედვა, რათა განვითარება არა - სპონტანური, არამედ პროგნოზირებადი გახდეს. სტაბილურობა თანაბრად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, დასაქმებულებისა და თითოეული მოქალაქისთვის. მხოლოდ თანმიმდევრული პოლიტიკით არის შესაძლებელი, რომ ნორმალური ცხოვრება ყველასთვის ხელმისაწვდომი და გარანტირებული იყოს“, - აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.




























