მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ეს არ მოგვარდა, ლაპარაკი, რომ ჩვენ სატრანსპორტო კვანძი ვართ, უადგილო იქნება“ - ხოკრიშვილი რიკოთზე

6437ab05639fa
თინათინ ნატმელაძე
13.04.23 16:30
8164
„თუ რიკოთის გზის ეს სისტემური პრობლემა არ მოგვარდა, იმაზე საუბარი, რომ საქართველო რეგიონული სატრანსპორტო კვანძი გახდება, უადგილო იქნება“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.

მისივე ცნობით, ძალიან ცოტაა იმის რისკი, რომ ეს მეწყერი გაუთვალისწინებელი ფორსმაჟორი იყოს, რადგან საპროექტო სამუშაოების შესრულების დროს დეტალური გეოლოგიური კვლევა სამუშაოს აუცილებელი ნაწილია.

„რამდენიმე ათეული წელია ჩვენს ქვეყანას რეგიონული სატრანსპორტო კვანძის ფუნქციის შეთავსების მიზანი აქვს, აქედან გამომდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მაგისტრალი ტრანსკავკასიური დერეფნის ნაწილია და ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა არამხოლოდ მოსახლეობა, არამედ ბიზნესის ოპერირებაც შეაფერხა.

მე სამუშაოების დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა შესაძლოა, რომ საპროექტო სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული ან ფიზიკური სამუშაოების შესრულების დროს იყო გარკვეული პრობლემები ხარისხთან დაკავშირებით.

ჩემი სამინისტროში ყოფნის დროსაც არსებობდა პრობლემები შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებით. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სახელმწიფო ტენდერებში შეფასების კრიტერიუმები დაბალია, რიკოთის პროექტის დადასტურების პროცესშიც გადამწყვეტი იყო მხოლოდ დაბალი ფასი და არა რეიტინგული კრიტერიუმები“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სექტორისა და შესაბამისი ექსპერტული წრეების მხრიდან მონიტორინგის პროცესი უნდა გაიზარდოს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკმაოდ რთული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, ქვეყანაში ძალიან კარგი სპეციალისტები არსებობენ, არის შესაბამისი კვლევების ჩატარების რესურსი და საერთაშორისო დახმარებების გამოყენების შესაძლებლობაც.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს, ჩამოწოლილი მეწყერისა და ერთ-ერთი მონაკვეთის დაზიანების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. რამდენიმე დღეში, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, 8 აპრილს, მოძრაობა გარკვეული გრაფიკით აღდგა, თუმცა 11 აპრილს ქვათაცვენა კვლავ დაიწყო და მოძრაობაც ისევ შეიზღუდა. ამჟამინდელი მდგომარეობით კი მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება 07:00-დან 19:00 საათამდეა დასაშვები, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა 21:00-დან 06:00 საათამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები