შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, სამართლის დოქტორ ეკატერინე ქარდავას შეფასებით, „ევროკავშირთან ნებისმიერი განშორება დროსა და ისტორიას გვაკარგვინებს“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და გადატვირთვის პერსპექტივა იყო.
„ევროკავშირთან ნებისმიერი განშორება და უარყოფა საქართველოს აკარგვინებს ისტორიას და დროს, რასაც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები ჰქონდეს. ევროკავშირი პრინციპულია ფასეულობების დაცვაში. მან პატარა და დიდ ქვეყნებად დაყოფა არ იცის - რასაც სთხოვდა პოლონეთს, იმასვე სთხოვდა ლატვიასაც“, - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ და იმედი გამოთქვა, რომ EU-საქართველოს ურთიერთობები “უხილავი ხელის” ძალით წელს დადებითად შეიცვლება.
„წერტილთან“ ინტერვიუში მან ასევე პარალელი გაავლო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, რომლებიც ათწლეულებია გაწევრებას ელიან და აღნიშნა, რომ საქართველოსთან ეს შესაძლებლობა შედარებით „ადვილად მოვიდა“, თუმცა დღევანდელი ვითარება ამ მონაპოვარს საფრთხის ქვეშ აყენებს.
„როგორც მკვლევარს, მეც მაქვს გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიები ევროკავშირის ფუნქციონირებაზე, რაც ფაქტებს ეფუძნება, მაგრამ როცა ვამბობთ, რომ კარი გაღებულია და იქ გველოდებიან, ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოა გაჩერებული. ევროკავშირმა კარი ნამდვილად გააღო“, - აღნიშნა ეკა ქარდავამ.
ჟურნალისტის კითხვას, როდის იყო მმართველი პარტია გულწრფელი მაშინ, როცა EU-სთან ასოცირების შეთანხმება გაფორმდა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და შემდეგ კი, უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, თუ - ახლა, შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ სახეზეა ხედვის ფუნდამენტური ცვლილება.
„ფაქტია, მათ აქვთ ცვლილება ხედვაში, ქმედებებსა და რიტორიკაში... ევროკავშირი თვითკრიტიკულია, ის მუდმივად მოდიფიცირდება, მაგრამ ფასეულობით ნაწილს არავის უთმობს“, - აღნიშნა ეკატერინე ქარდავამ.
- ხედვის ცვლილებაში ბიძინა ივანიშვილის ხედვის შეცვლას გულისხმობთ თუ გგონიათ, რომ რომელიმე პრემიერ-მინისტრი თავად წყვეტდა ისეთ სტრატეგიულ საკითხს, როგორიც ევროინტეგრაცია და დასავლეთთან ურთიერთობებია?
- ამის ანალიზი ცოტა გამიჭირდება; როდესაც ევროკავშირზე ვსაუბრობ, არ მინდა დისკუსია მხოლოდ ამ კონტექსტში გადავიყვანო. ჩემი მიზანია, ვესაუბრო იმ საზოგადოებასაც, რომელსაც ევროკავშირში ეჭვი შეეპარა. არ მინდა დავაფრთხო ის ფრთა, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვს, რათა ისინი ჩემი სმენის არეალიდან არ გავიდნენ. როგორც მკვლევარს, მირჩევნია, აქცენტი ევროკავშირის შემეცნებაზე გავაკეთო, რათა მოსახლეობამ გაიგოს: ევროკავშირს პროცესი არ შეუწყვეტია, მას საქართველოზე უარი არ უთქვამს და არაფერი შეუჩერებია.
- მაშინ მკაფიოდ ვუთხრათ მოსახლეობას, ვინ თქვა უარი ევროკავშირზე? მოქალაქეების ნაწილს, შესაძლოა, დღესაც სჯერათ მმართველი პარტიის რიტორიკის, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა კვლავ მიჰყავს ევროპისკენ, ოღონდ თავისი წესებითა და კალენდრით, რომ თითქოს ევროპა „გაფუჭდა“ და პრობლემა ევროპულ ბიუროკრატიაშია...
- ზუსტად აქ უნდა ველაპარაკოთ ხალხს და ავუხსნათ, რატომ არ არის ეს სწორი. ბოლო დროს ძალიან მიყვარს ყოფით ასპექტებთან შედარება, რათა მარტივად გავიგოთ, სად არის სიმართლე. სახლის კარს არავის გაუღებ, სანამ ჭუჭრუტანიდან არ დარწმუნდები, რომ იქ უსაფრთხო ადამიანი დგას. ევროკავშირი რთული ორგანიზმია, მას რთული არქიტექტურა აქვს - 75 წელია თავის ოჯახს აშენებს და იქ ვინმეს მარტივად არ შეუშვებს. ჩვენს კულტურაშიც ხომ ასეა - ოჯახში ვინმეს მიღებამდე ვკითხულობთ, რამდენად შეგვიძლია ერთი მაგიდის ირგვლივ ჰარმონიულად ჯდომა; როდესაც ევროკავშირი გეუბნება, რომ მართლმსაჯულებაში მოსამართლის კეთილსინდისიერების პრინციპი (ე.წ. „ვეტინგი“) უნდა დანერგო, ეს ნიშნავს, რომ ამის გარეშე ერთ მაგიდასთან ვერ დავსხდებით...
- „ქართული ოცნების“ გულწრფელობაში სწორედ ეს ვიგულისხმე - 2022 წლამდეც ე.წ. ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკით ხომ არ მოქმედებდა მმართველი პარტია, რადგან მართლმსაჯულების სრულყოფილი რეფორმისთვის ნაბიჯები არ გადაუდგამთ...
- დიახ, ვთანხმდებოდით, რომ პრობლემები იყო. ედგარ პომ თქვა: „არავინ თქვას, ტალახში გავიარე და სუფთა დავრჩიო“. დამოუკიდებლობის წლებში იმდენი რუსული თუ პრორუსული გადაწყვეტილება, ეკონომიკური ექსპანსია და ზეგავლენა გვქონდა, რომ ყველაფერს ერთბაშად ვერ გავწმენდდით, მით უმეტეს, რომ ლუსტრაციის კანონი არ მიგვიღია, თუმცა უარყოფითი პერსონაჟები დომინანტები ვერ იქნებოდნენ, თუკი მთავარი პოლიტიკური ხაზი იქნებოდა მყარი. თუ დაველოდებით, სანამ ყველაფერი სრულყოფილად „გათეთრდება“, ევროკავშირზე საუბარი არასდროს გამოვა. ამ „შავ წერტილებთან“ ერთად, პარალელურად უნდა ვიაროთ წინ...
- რას უნდა აკეთებდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღეს, როცა ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა რეალურად გაიღო და გვაქვს შანსი, 2030 წლისთვის, EU-ის ოჯახის გაფართოების ნაწილი ვიყოთ?
- უნდა დაიწყოს პირდაპირი ადმინისტრაციული კონტაქტები და დიალოგი. არ შეიძლება „ტელეპოლიტიკის“ რეჟიმში ცხოვრება. ევროპარლამენტში 750 პოლიტიკოსია და როცა ერთი მათგანი თავის აზრს გამოთქვამს, ჩვენს ხალხს ჰგონია, რომ ეს მთელი ევროკავშირის ხმაა, არადა, ეს შესაძლოა, მხოლოდ ერთი პარტიის პოზიცია იყოს. ჩვენ ევროკავშირის ხმა ოფიციალურ გადაწყვეტილებებში უნდა ვეძებოთ. თუ არ აღდგა პირდაპირი კომუნიკაცია ბრიუსელისა და საქართველოს მმართველებს შორის, პროცესის წინსვლა წარმოუდგენელია.
- ევროკავშირმა მკაფიოდ გვითხრა, რა შემთხვევაშია შესაძლებელი გზის გაგრძელება - უნდა გაუქმდეს რეპრესიული კანონები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები...
- დიახ, ეს არის მოთხოვნები...
- როგორია თქვენი მოლოდინი, „ქართული ოცნება“ ბრიუსელის რომელიმე რეკომენდაციას შეასრულებს? საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში რაიმე ტიპის გადატვირთვას ელით?
- ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. 2024-2025 წლები სერიოზულად დავკარგეთ. თუნდაც რომ დავუშვათ, ბრიუსელი რაღაცაში ცდება, თუნდაც 3.5-მილიონიანი ერი ვფიქრობდეთ, რომ 450-მილიონიანი სამყარო შეცდომას უშვებს, ჩვენ მაინც მათ გვერდით უნდა ვიყოთ, როგორც პარტნიორი, როცა მათ პრობლემები აქვთ (ომი, ფორსმაჟორი, ერთობის ნაკლებობა). პარტნიორობა ბევრს ნიშნავს.
- რეალურად, EU-საქართველოს ურთიერთობებში ვინ ცდება - ვინ უშვებს შეცდომებს?
- გერმანიის წინა კანცლერმაც კი აღიარა - „ჩვენ თავის დროზე დავუშვით შეცდომა საქართველოსთან მიმართებითო“. იქ აღიარების უნარი არსებობს. ჩვენს შემთხვევაში კი, ევროკავშირმა ყველა შესაძლებლობა მოგვცა, ჩვენ კი, უარყოფის რეჟიმში ვართ. როგორც მკვლევარს, მეც მაქვს გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიები ევროკავშირის ფუნქციონირებაზე, რაც ფაქტებს ეფუძნება, მაგრამ როცა ვამბობთ, რომ კარი გაღებულია და იქ გელოდებიან, ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოა გაჩერებული. ევროკავშირმა კარი ნამდვილად გააღო.
- თუ 2030 წელს საქართველო ვერ გახდა EU-ის წევრი, შემდეგი შანსი როდის გვექნება?
- 2023 წლის დეკემბერში კანდიდატობის სტატუსი მივიღეთ და სულ რაღაც ორ თვეში მომენტალურად შეიცვალა დამოკიდებულება, „უხილავმა ხელმა“ ვითარება რადიკალურად გააუარესა (რასაც მომავალში მკვლევრები უფრო დეტალურად შეაფასებენ), ახლა „კეთილ უხილავ ხელს“ ველოდები. იმედი მაქვს, ყველაფერი კვლავ მომენტალურად შეიცვლება უკეთესობისკენ. მინდა, მქონდეს ამის რწმენა.
- და მაინც, წელს უფრო მეტს დავკარგავთ ევროინტეგრაციის გზაზე, თუ მაინც გაქვთ გადატვირთვის იმედი?
- არა, მეტს აღარ დავკარგავთ - მოდით, ევროკავშირზე საუბარი ამ ოპტიმისტური განწყობით დავასრულოთ.
- პოლიტიკური ხიდების დაწვის პირობებში იმედის საფუძველს რა გაძლევთ?
- იცით, კანდიდატის სტატუსის მიღება ჩემთვის მხოლოდ „მიწიერი“ გადაწყვეტილება არ ყოფილა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ გაფართოების ტალღა ევროკავშირში მუდმივად არ დგას. EU-ს გაფართოების პროცესში ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა და მხოლოდ 2023 წელს მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. თუ ჩვენ ამ ტალღას ჩამოვრჩით, რთული სათქმელია, როდის გაიხსნება ახალი კარი. შესაძლებელია, აღარც არასდროს - ევროკავშირმა, შესაძლოა, ამოწუროს იმ ქვეყნების სია, რომლებიც ტერიტორიულად და ფასეულობების კონტექსტში ევროპის ნაწილად მოიაზრებიან.
- იმედია, ამ შანსს არ გავუშვებთ ხელიდან... ქვეყანა ისეთ სიტუაციაშია, იმედის გარდა, არ ვიცი, რისი იმედი გვქონდეს...
- რწმენა აუცილებელია...
- მხოლოდ რწმენა ალბათ არ გვიშველის - მოქმედებაა საჭირო, ხელისუფლების მხრიდან ეს ნაკლებად ჩანს. თქვენი აზრით, რას უნდა დავუსვათ „წერტილი“ ამ ქვეყანაში?
- პოლარიზებას. პოლარიზება კლავს ევროკავშირის იდეას. პოლარიზებით პოლიტიკოსებმა ევროკავშირი „გაინაწილეს“ და ფაქტობრივად, ხალხს წაართვეს ის. ვთვლი, რომ ეს პროცესი საქართველოში უნდა დასრულდეს.




























