მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ ევროპასთან სავიზო რეჟიმი ისევ დაწესდა, საქართველოში გაუქმდება სამუშაო ადგილები" - ია თაბაგარი

ია თაბაგარი

"საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ ევროპელი ტურისტის შემოდინება ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სწორედ დასავლელი ტურისტის მოთხოვნები განაპირობებს ქვეყანაში მომსახურების ხარისხის ზრდასა და ღირსშესანიშნაობების განვითარება-მოფრთხილებას", - ამის შესახებ თაბაგარმა BMG-ზე "ანალიტიკას" ეთერში, საქართველოსთვის EU-სთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პოტენციური საფრთხის შეფასებისას ისაუბრა.

"ჩვენი 25-წლიანი დაკვირვებით, საითაც არ უნდა გავიხედოთ და როგორი კვლევაც არ უნდა ჩავატაროთ, ზუსტად ევროპა არის ის, რაც საქართველოს სჭირდება. ტურიზმი არ არის მხოლოდ ბიზნესი და ფულის შემოდინება ქვეყანაში, ეს არის კულტურის გაზიარება, მაღალი ხარისხის მოთხოვნა და განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები.

ვერ დამისახელებთ, მაგალითად, აზიის ქვეყნების ტურისტებს, რომლებსაც ასე ადარდებთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ეკოლოგია, ადამიანების ყოფა, მთის რეგიონების ტრადიციული ცხოვრება და ა.შ. ყველა ის პროექტი, რომელიც დაკავშირებული იყო თემის განვითარებასთან, კულტურულ კომპონენტებთან და სამოქალაქო აქტივობებთან, ძირითადად მოდიოდა ევროპიდან და აშშ-დან, დაგროვილია უამრავი მონოგრაფია, კვლევა თუ ანგარიში, სადაც ეს ყველაფერი აღრიცხულია. ევროპული ტურიზმი ზუსტად ისაა, რაც აძლევს ქართულ მხარეს ბიძგს, უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდოს თავის არქეოლოგიას, ფოლკლორს… ბევრი მაგალითი გვაქვს საქართველოში, როდესაც ევროპელი ტურიზმის მოთხოვნამ განაპირობა რეგიონებში ოჯახების ტურიზმზე გადართვა და სხვადასხვა აქტივობები, თუნდაც სეზონური, რაც გამოიხატებოდა საოჯახო სასტუმროს სერვისებით, კვებით და ა.შ." - აღნიშნავს ია თაბაგარი.

ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, სხვა პრობლემებთან ერთად, საქართველოში სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.

"ქუთაისის აეროპორტის განვითარება რამ განაპირობა?! უფრო მეტი ტურისტი შემოდიოდა და შეიქმნა ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. ზუსტად ამის პირდაპირპროპორციულად გაუქმდება სამუშაო ადგილები, თუ ისევ დაწესდება სავიზო რეჟიმი ევროპასთან. ყველამ ვიცით, რომ მნიშვნელოვანია განათლების და ჯანდაცვის კომპონენტები, ასევე ოჯახების კომუნიკაცია, მაგრამ ყველაზე დიდ საფრთხეს ვხედავ სამუშაო ადგილების გაუქმებაში, უბრალოდ გაქრება სამუშაო ადგილები, ისედაც ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი.

ძალიან სარისკო სიტუაციაა, პირველ რიგში მთავრობაზეა დამოკიდებული, რასაკვირველია, მაგრამ, ამავე დროს, ლომის წილი არის საზოგადოებაზე. თუ საზოგადოება იქნება ერთიანი, ყველა ერთად ამას გააპროტესტებს და კატეგორიულად მოსთხოვს სახელმწიფოს, რომ შეასრულოს ეს პირობები და არ დავკარგოთ პრივილეგიები, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის გამოსავალი ამ ეტაპზე", - განაცხადა ია თაბაგარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები