მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ფერმერები უკეთ იზრუნებენ მოვლაზე, თხილის უკეთესი მოსავალი გვექნება - მინისტრი

ოთარ შამუგია
BM. GE
31.08.23 12:51
69

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის დახმარებით ფერმერებმა თხილის ბაღები შეწამლეს, რის შედეგადაც წელს მათ უკეთესი მოსავალი აქვთ. გურიაში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ფერმერებს ბაღების უკეთესად მოვლისკენ მოუწოდა. 

ოთარ შამუგია თხილის ჩაბარების პროცესს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო აკეთში გაეცნო და მეთხილე ფერმერებს შეხვდა. 

„ჩვენ მოვისმინეთ ფერმერებისგან, რომ ვინც ისარგებლა მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამით, აქვთ კარგი, ხარისხიანი მოსავალი, უფრო უკეთესი ვიდრე იყო ეს გასულ წელს. მთლიანობაში ველოდებით, რომ წლევანდელ წელს მოსავალი იქნება მნიშვნელოვნად უფრო მეტი. ფაქტობრივად, ერთ ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით ფინანსური მხარდაჭერა სრულიად საკმარისია 4-5-ჯერ წამლობის ჩასატარებლად. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო და, ვფიქრობ, რომ წელსაც და მომავალ წლებშიც თუ ფერმერები კიდევ უფრო მეტად იზრუნებენ თხილის მოვლაზე, გვექნება უკეთესი და უკეთესი მოსავალი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრას თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი ფერმერები ესწრებოდნენ, რომლებმაც იმ პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რასაც სახელმწიფო მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის ახორციელებს. 

შეხვედრა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ თხილის შემნახველ საწარმოში გაიმართა, სადაც ერთდროულად 1,000 ტონამდე თხილის შენახვაა შესაძლებელი. კომპანია შპს „ჯი-ეიჩ-ჯი-ეი კომერშიალ“ სოფლის განვითარების სააგენტოს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც  390,000 ლარზე მეტი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 390,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები