ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ დღეისთვის კურორტი გოდერძი არსებული პოტენციალის მხოლოდ 20-25%-ის იყენებს. მისი სრულად ათვისებისთვის კი დამატებითი, თუმცა გენგეგმასთან თავსებადი ინვესტიციების ჩადება უმნიშვნელოვანესია.
კურორტზე არსებული თუ მშენებარე სასტუმროების მფლობელები იმედს იქონიებენ, რომ მისი უნიკალური პოტენციალი საქართველოს სხვა კურორტების მსგავსად არ განადგურდება და ყველა დადგენილი კოეფიციენტი მომდევნო პერიოდშიც მკაცრად გაკონტროლდება. ეს კი მას ლიმიტირებულ, ევროპული სტანდარტების მქონე სტუმარმასპინძლობის დანიშნულების ადგილად აქცევს მზარდი ფასებით.
ამ გათვლებით ჩადო 5 მლნ ლარის ინვესტიცია Goderdzi Twins Hotel-მა. ინვესტორის განცხადებით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს დაპირება.
„ჩვენი ოჯახის გადაწყვეტილება თამამი იყო, რადგან ახალგაზრდა კურორტზე დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩავდეთ, რომლის დიდი ნაწილიც ბანკის კრედიტია. ეს გადაწყვეტილება დიდწილად იმან განაპირობა, რომ როდესაც ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულება გავაფორმეთ, კონკრეტულად მოვიკითხეთ და მივიღეთ პასუხი, რომ გენგეგმიდან გადახვევა არ მოხდებოდა.
თუ კურორტი ისე გაფართოვდა, რომ ამ გენგეგმის მასშტაბში ვერ ჩაეტია, არსებობს ალტერნატიული გეგმა, რომლის მიხედვითაც მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება განაშენიანება. ეს არის ჩვენი დაცულობა — წინ ტყეა, უკან ტყეა, ირგვლივ ტყე. იმედი მაქვს, ასე დარჩება და ისე არ მოხდება, რომ გავიღვიძებთ და წინ სახლი დაგვხვდება, მაშინ როცა სულ სხვა პირობებით ვართ შემოსულები.
ამ კურორტს აქვს ეს პრივილეგია — ნებისმიერი ინვესტორი კანონით არის დაცული. აქ არის საკადასტრო ნაკვეთები და ტყის ნაწილში ვერ მოხდება განაშენიანება. ამ მხრივ მე სხვებსაც გავუწევ კონსულტაციას, ის რომ დღეს სულ ხუთნი ვართ ბედნიერება არ არის — პირიქით, მეტი ობიექტი უნდა გაშენდეს, რომ ცენტრი გახდეს და მასშტაბი გაიზარდოს, ცნობადობა მოიმატოს, ოღონდ ამ პირობების დაცვით.
ამ დროისთვის კურორტი იყენებს მხოლოდ 20–25%-ს, მას აქვს 4–5-ჯერ გაზრდის პოტენციალი. ეს დაკავშირებულია მეორე საბაგირო ხაზთან და დედაქალაქთან წვდომასთან. თუ ეს მოგვარდა, სასტუმრო 10-წლიან ვადაში გახდება რენტაბელური. როგორც ამ ინვესტიციის განმახორციელებელი ადამიანი, პერსპექტივას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვხედავ. ინფრასტრუქტურის გაკეთება გაზრდის მოთხოვნას, ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული.“ - განაცხადა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ Goderdzi Twins Hotel-ს დამფუძნებელმა საუბრისას ბადრი ბოლქვაძემ.
კურორტზე 6 მლნ-იან ინვესტიციას ახორციელებს კომპანია BeOne Development. როგორც პროექტის გაყიდვების კომპანია „არტიკლში“ აცხადებენ, 102 ნომრიანი სასტუმრო აპარტამენტები რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, გოდერძის 2027 წლის ბოლომდე შეემატება. კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ 63 ჰა-ზე განაშენიანებულ კურორტზე კოეფიციენტები სამომავლოდაც გათვალისწინებული იქნება.
„ჩვენი ინფორმაციით, არსებობს გენერალური გეგმა, რომელზედაც უცხოელი სპეციალისტები მუშაობდნენ და რომელიც მკაცრად კონტროლდება. ჩვენი კვლევებით, დღეს გოდერძიზე არსებული ინვესტიციების საერთო ღირებულება დაახლოებით 200 მილიონ ლარს აღწევს და მზარდია.
თუ გენგეგმა მკაცრად გაკონტროლდება და შენარჩუნდება შეზღუდვები როგორც სიმაღლის, ისე მჭიდრო განაშენიანების მხრივ, გოდერძი იქცევა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის. კურორტი სულ 63 ჰექტარზეა განლაგებული, ამიტომ თუ განაშენიანება ვერ იქნება მჭიდრო და თითოეული ჰა ეფექტურად იქნება ათვისებული, ეს ფასს მხოლოდ გაზრდის და გვაძლევს პოზიტიურ მოლოდინს, რომ გოდერძი გახდება ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება ქართულ ტურისტულ სივრცეში.“ - განაცხადა ავთანდილ აროშიძემ.
უნიკალური სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი მაღალმთიან აჭარაში, ზღვის დონიდან 2025-2330 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
გოდერძიზე ტრასების 2,5% დამწყებებისთვის, 71,5% - საშუალო დონის, 26% კი - საშუალოზე მაღალი დონის მოსრიალეთათვის არის. სათხილამურო სეზონი აქ 1-ელი დეკემბრიდან 15 აპრილამდე გრძელდება. თუმცა ზღვასთან სიახლოვე და უნიკალური გარემო პირობები, მათ შორის ნამარხი ტყე და მწვანე ტბა მას ოთს სეზონიან კურორტად აქცევს.
კურორტი ბათუმიდან 109 კმ-ში, ხოლო თბილისიდან ზარზმის გავლით - 252 კმ-ში მდებარეობს.




























