მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ გვინდა დემოკრატია, ევროპულობა და ძლიერი სახელმწიფო, გვჭირდება ძლიერი რეგიონები - პრეზიდენტი

635419f155b65
BM.GE
22.10.22 21:14
576
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ გვინდა დემოკრატია, ევროპულობა და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება ძლიერი რეგიონები. განცხადება სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე, "ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობა და გამოწვევები საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, თვითმმართველობის საკითხი ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხია ქვეყნის მომავლისთვის.

„თუ გვინდა დემოკრატია, ევროპულობა და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება ძლიერი რეგიონები. ეს ისეთი მოცემულობაა, რომელსაც ვერ გავექცევით. არ იქნება ძლიერი რეგიონები და არ იქნება ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი საქართველო! რეგიონების მიმართ მეტი ყურადღება - ეს პირველივე დღიდან ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ მხოლოდ ყურადღება არ არის საკმარისი.

იმისთვის, რომ რეგიონი იყოს ძლიერი - თვითმმართველობა უნდა იყოს რეალური, პრაქტიკაში გადატანილი და არ დარჩეს მხოლოდ კარგ საკანონმდებლო ბაზად და სტრატეგიად. ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გაკეთებული, მაგრამ რაც მთავარია, რეგიონი პრაქტიკაში უნდა იყოს თვითმმართველი, მუნიციპალიტეტი უნდა იყოს თვითმმართველი, რაც რამდენიმე წინაპირობას მოითხოვს, მაგრამ ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, ვერ დავუბრუნდებით ჩვენს ტრადიციულ წყობას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო ძლიერი იყო სწორედ მაშინ, როცა თვითმმართველი ერთეულები (მაშინ თვითმმართველი არ ერქვა) იყვნენ ძლიერები და იყვნენ ერთად. მისი თქმით, ეს ერთობა, თვითმმართველობა და მათი დამოუკიდებლობა ჩვენი ნიშაა.

„ჩვენ სახელმწიფოს ეს მოწყობა საბჭოთა წყობამ დაარღვია, გადაგვიყვანა ულტრაცენტრალიზებულ წყობაზე და ამით მოსპო ის, რაც ჩვენი ძლიერების საფუძვლებს წარმოადგენდა, რასაც უთუოდ უნდა დავუბრუნდეთ. ჩვენ გვაქვს ამისი საწყისი მიმართულებები: მივიღეთ ,,თვითმმართველობის კოდექსი“, თუმცა ყველაფერი ჯერ არ არის შესრულებული; მივიღეთ დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელსაც სჭირდება განხორციელება სამი მთავარი მიმართულებით - ფინანსებით იწყება და მთავრდება ყველაფერი, თუ არ იქნება შემოსავლების ახლებური გადანაწილება, არ იქნება არც თვითმმართველობა, რადგან მას არ ექნება საკუთარი გადაწყვეტილებების განხორციელების რესურსი. ამიტომ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ. ბევრ ქვეყანაში არსებობს იმის მაგალითი, როგორ უნდა გადანაწილდეს რესურსები იმისთვის, რომ რეალური გახდეს თვითმმართველობის ძალა და საშუალება.

მეორე, თვითმმართველობებისათვის ქონების გადაცემის საკითხია, რომელიც ასევე წერია ახალ კოდექსში, მაგრამ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რაც მუნიციპალიტეტების ძალისა და ახალი შესაძლებლობის ერთ-ერთი საფუძველია.

და მესამე, გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიუჯეტის გადანაწილების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის საკითხია, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც დაწყებულია, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ეს პრაქტიკა უკვე შემოტანილია. ზოგ ადგილას ძალიან მცირე მასშტაბით, ზოგან ცოტა უფრო სერიოზულად, მაგრამ ეს ჯერ მაინც მოიცავს მხოლოდ ისეთ პროექტებს, როგორიცაა სკვერი, ქანდაკება და ა.შ. ეს არ არის პროცესებში მოქალაქის ბოლომდე ჩართულობა, რომელიც თვითმმართველობის ნამდვილი პარტნიორი გახდა. ამისკენ წასასვლელად გადასადგმელი ნაბიჯები ყველას ჩართულობას მოითხოვს“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები