"ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის" კოორდინატორის, დავით კიზირიას აზრით, "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში შესული ცვლილებები და უცხოელთა დასაქმების შეზღუდვა კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემას ვერ გადაჭრის.
როგორც ის "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნავს, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე შრომით ბაზარზე დაცული იყოს, მას შესაბამისი კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს.
"ბოლომდე კარგად არ მესმის, ცვლილების მოტივი რა არის. ნებისმიერ ცვლილებას აქვს თავისი პრობლემა და ამ პრობლემის გადაწყვეტა, რომელსაც შეიძლება დავეთანხმოთ შეიძლება არ დავეთანხმოთ. ამ შემთხვევაში რას ვამბობთ, რომ ვისგან ვიცავთ [საქართველოს მოქალაქეებს], კვალიფიციური კადრებისგან თუ არაკვალიფიციურისგან?
თუ არაკვალიფიციური კადრებისგან დაცვა გვინდა, გამოსავალი უბრალოდ მაღალკვალიფიციური ტექნოლოგიების შექმნაა. იმიტომ რომ ამის გარეშე, თუნდაც სოფლის მეურნეობაში, უბრალოდ არაპროდუქტიულები და არაკონკურენტუნარიანები ვიქნებით და ვერც უცხოელებს დავასაქმებთ, ვერც და საერთოდ ვერავის, იმიტომ რომ ვერ გაუძლებენ კონკურენციას გლობალურ ბაზარზე.
კონკურენტუნარიანობისთვის საჭირო არის პროდუქტიულობა და პროდუქტიულობისათვის საჭირო არის მაღალი ტექნოლოგიები. ამიტომ უნივერსიტეტებს კი არ უნდა ვაუქმებდეთ, უნდა ვქმნიდეთ. ჩვენ თუ გვინდა კვალიფიციური კადრები, მაგაზე უნდა ვიფიქროთ. დღეს ინოვაცია იბადება დარგთა შორის წერტილებში, თანაკვეთაში. ამიტომ, თუ ვლაპარაკობთ შრომის ბაზრის განვითარებაზე, სადაც საქართველოს მოქალაქე იქნება დაცული და წარმატებული, ეს ნიშნავს იმას, რომ აქვს მას საშუალება აქ მიიღოს კვალიფიკაცია და მერე აქვე დასაქმდეს", - ამბობს დავით კიზირია.
BMG-ის ეთერში კიზირიამ საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიების (ICT) სექტორში უცხოელთა დასაქმების მაჩვენებლებზეც ისაუბრა. მან ასევე მიუთითა საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ბიუროკრატიული ბარიერების გაჩენის რისკებზე.
"ჩვენ ვნახეთ, რომ ICT სექტორის წილი მშპ-ში ბოლო წლებში 3-ჯერ გაიზარდა და და ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროდუქტიული სექტორია. მიუხედავად იმისა, რომ თუ შევადარებთ იგივე სომხეთს, მაჩვენებელი მაინც ნაკლებია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სფეროა იმ ფონზე, რომ სხვა ინდუსტრიები კვლავაც მე-20 საუკუნის ინდუსტრიალიზაციის ძველ მოდელზე არიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხარისხიანი კადრები ამ მიმართულებით. უცხოელები, ვინც შემოდიოდნენ, იყვნენ ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ამ ქვეყნებიდან ჩამოსულები და უფრო ადრე ბელორუსები. მათი ნაწილი, ჩვენ ვნახეთ უკვე, რომ საკანონმდებლო ცვლილების გარეშეც ისედაც დაიკარგა, რადგან საქართველო მოიაზრებოდა ტრანზიტულ ზონად მათი შემდგომი რელოკაციისთვის.
რაც შეეხება დასაქმებას, კომპანიებისთვის, რომლებიც აუთსორსინგზე მუშაობენ, მუშავდებოდა გამარტივების მექანიზმები, თუმცა ბიზნესი ახლა, ბუნებრივია, სკეპტიკურადაა განწყობილი; როცა რაღაცა წესებს აწესებ და როდესაც არ არის მაღალი ნდობა ბიუროკრატიის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ჩნდება რისკი, რომ ეს შეიძლება იყოს ცუდად გამოყენებული. მაგალითად, მე მომცენ [უცხოელთა დასაქმების უფლება] და თქვენ არა. ან მაგალითად, შეიძლება მე ეს დროში უფრო გამიჭიანურდეს, ვიდრე თქვენ და ა.შ. ამან შესაძლოა გარკვეულად დისბალანსი გამოიწვიოს კონკურენციის მხრივ ბაზარზე. მაგრამ ჩვენს ბაზარზე ახლა ისედაც უმეტესად აუთსორსინგზე მუშაობენ და ჯერჯერობით გაურკვევლობაში ვართ, არ ვიცით, რა ხდება. არგუმენტი ვერ გვექნება იმის საწინააღმდეგოდ, რაც ბოლომდე არ არის გარკვეული. იმიტომ, რომ წესები არის მხოლოდ ზედა დონეზე, დეტალები უცნობია და მით უფრო უცნობია, როგორ იქნება ის აღსრულებული", - აცხადებს დავით კიზირია.
1-ელი მარტიდან, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება რთულდება. კერძოდ, ერთ-ერთი მთავარი სიახლეა „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აკრძალული იქნება. შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელი თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს.




























