„თუ გვინდა ვიყიდოთ სწორად, სწორ ფასად, სწორი ბიზნესი, უმჯობესია საქმეში პროფესიონალები ჩავრთოთ“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში BMGDRIVE მართვის კომპანია GGM-ის მმართველმა, გენო გელაძემ ბიზნესით ვაჭრობის და მის სწორად შეძენაზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, შეიძლება ადამიანი კონკრეტულ სპეციალობაში ძლიერია , თუმცა ყიდვას თავისი სპეციფიკა აქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შეძენამდე პროფესიონალები იყვნენ ჩართული. გელაძე ასევე დასძენს, რომ ბოლო რამდენიმე თვეში, 10-ზე მეტი პრობლემური ბიზნესგარიგება ჰქონდათ.
„არ უნდა მივიდეთ პირდაპირ იმის საყიდლად, რაშიც გამოცდილება არ გვაქვს. ყიდვას თავისი სპეციფიკა აქვს. სჯობს კომპანია დავიქირაოთ, რომელიც ბიზნესით ვაჭრობის სექტორში მუშაობს. რომელიც განსხვავებით შენგან. შეიძლება კარგი ტექნოლოგი, კარგი მენეჯერი ხარ, მაგრამ არ ხარ კარგი შემფასებელი, გიჭირს იმის გადამოწმება თუ ეს საწარმო როგორ აშენდა, სადაო ხომ არ არის, რა დანადგარებია, ეს სჯობს სპეციალისტებმა შეაფასონ და დადონ კონკრეტული შეთავაზება.
უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც სწრაფად ყიდულობენ, ეკონომიას აკეთებენ, იმიტომ, რომ სპეციალისტებს არ რთავენ, ხშირად პრობლემურ ობიექტებს იღებენ. ანუ სადღაც იყო პრობლემა, რომელიც ზედაპირზე არ ჩანდა, მაგრამ ისეთი პრობლემები აქვს ბიზნესს, რომ მისი ფუნქციონირება შეუძლებელია. ბოლო რამდენიმე თვეში, 10-ზე მეტი პრობლემური ბიზნესგარიგება ვნახეთ, თუნდაც მშენებლობის ნებართვიანი პროექტების ყიდვა-გაყიდვის კუთხით. ამიტომ სჯობს, რომ პროფესიონალმა საქმე შეაფასოს“, - ამბობს მართვის კომპანია GGM-ის მმართველი.
მისი თქმით, მართალია სპეციალისტის ჩართვა პროცესში გარკვეულ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, ზოგჯერ დიდ რესურსსაც, თუმცა ეს გამართლებულია და ღირს, რადგან ამით მომხმარებელი დაცულია და იღებს იმას, რისი მოლოდინიც აქვს.