საინვესტიციო კომპანია Citadel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კენ გრიფინმა სამშაბათს ვაშინგტონში გამართულ ეკონომიკურ სამიტზე ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის კატასტროფულ შედეგებზე ისაუბრა.
მილიარდერის შეფასებით, თუ ეს სტრატეგიული საზღვაო გზა მომდევნო ექვსი ან თორმეტი თვის განმავლობაში არ გაიხსნება, მსოფლიო ეკონომიკისთვის გლობალური რეცესია სრულიად გარდაუვალი იქნება.
შექმნილი ვითარების ფონზე, გრიფინი ენერგეტიკული ბაზრის მასშტაბურ ტრანსფორმაციას და ქარის, მზისა თუ ატომური ენერგიის მოხმარების მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს. თუმცა, ჰეჯ-ფონდის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ თებერვალში ირანზე განხორციელებული ამერიკული სამხედრო იერიშები დროული იყო. მისი თქმით, ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან დარტყმების გადადება და ირანის სამხედრო პოტენციალის გაზრდის დაშვება სამომავლოდ გაცილებით მძიმე შედეგებს მოიტანდა.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული საფონდო ბირჟები ომამდელ ნიშნულებს დაუბრუნდა, ინვესტორების პოზიტიური განწყობა კვლავ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.




























