პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების სავარაუდო ინტოქსიკაციაზე გამოძიება მიმდინარეობს და თუ კონკრეტული კომპანიების ბრალეულობა გამოიკვეთება, მაშინ პასუხიმგებლობის საკითხიც დადგება, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბათუმში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღებში კვების პროდუქტების კონტროლი ზოგადად ხდება.
„ზოგადად კონტროლი ხდება. არის კონკრეტული კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას - შესაბამის მომსახურებას. როგორც ჩანს იყო კონკრეტული პრობლემა, მაგრამ მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ რა იყოს მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება, თუმცა გამოძიებას წინ ნუ გავუსწრებთ, უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და ამის შემდეგ ამ საკითხზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება შეგვეძლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ჩხრეკა, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში მოქმედი ბაღებიდან სააღმზრდელო პროცესი 7 ბაღში შეჩერდა.
























