მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ კომპლექსური მიდგომა არ იქნება, შედეგს ვერ მივაღწევთ" - პროფკავშირები უცხოელთა დასაქმების შეზღუდვაზე

რაისა

საქართველოს პროფკავშირების შეფასებით, ნაჩქარევად - 1-ელი მარტიდან უცხოელთა დასაქმების შეზღუდვა კონსულტაციების გარეშე, ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. თუმცა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ ინიციატივა, რომლის ძირითად მოტივს ადგილობრივი ძალის დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს საქართველოს პროფკავშირებისთვის მისაღებია.

მთავრობამ შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი დაამტკიცა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელიც „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონს ეფუძნება, ძალაში 2026 წლის 1 მარტიდან შევა.

თუმცა დადგენილების მიხედვით, დაწესდა გარდამავალი პერიოდი - უკვე თვითდასაქმებულ უცხოელებზე რეგულაცია 2026 წლის 1 მაისიდან დაიწყებს მოქმედებას. აქტიური რეგისტრაციის მქონე შრომითმა იმიგრანტებმა კი, 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა მოიპოვონ შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა. დადგენილების მიხედვით, მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა.

"საქმიან დილასთან" საკითზე საუბრისას რაისა ლიპარტელიანი განმარტავს:

„სახელმწიფოს, რომელსაც აქვს მაღალი უმუშევრობა, თითქმის 14%, მან რაღაც ღონისძიებებს უნდა მიმართოს იმისთვის, რომ ადგილობრივი მუშახელი დაასაქმოს პრიორიტეტულად, ეს არანაირი კანონმდებლობის ან საერთაშორისო სტანდარტის დარღვევას არ წარმოადგენს, ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესი. თუმცა ამას როგორ აკეთებს, რა ფორმატში, რა ვადებში და რამდენად ცხადია ეს ყველა საკითხი, რომელიც მოწესრიგდა ამ კანონმდებლობით, ეს, რა თქმა უნდა, გამოწვევაა.

ჩვენი კანონმდებლობა, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული, ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება შრომას და დასაქმებას, პირველ რიგში, მიიღოს და გაატაროს შესაბამისი რეფორმები შესაბამის მოქმედ პირებთან კონსულტაციით. აქ იგულისხმება სახელდებით პროფესიული კავშირები და ბიზნესს ასოციაციები, რასაც ჩვენთან მიმართებით ადგილი არ ჰქონია. ნაჩქარევად იქნა მიღებული, რამაც მოგვისპო იმის საშუალება, რომ ამ პროცესში არგუმენტირებულად ჩავრთულიყავით.

აქცენტი ასევე მინდა გავაკეთო ემიგრაციაზე. თუ შევხედავთ 2023 წლის სტატისტიკას, ფაქტობრივად, 47%, ვინც დატოვა ქვეყანა, იყო 20 წლამდე ადამიანები და ასევე მაღალია 20-დან 40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებლები. შედეგობრივად ეს გვაძლევს იმას, რომ შიგნით თვითონ სამუშაო ძალის პრობლემა იქმნება. ამას თავის მხრივ განაპირობებს ის, რომ ადამიანები ვერ ახერხებენ დასაქმებას ისეთ პირობებზე, რომელიც იქნება მათთვის იმგვარი, რომ მინიმუმ იმ საჭიროებებს, რაც გააჩნიათ მათ და მის ოჯახის წევრებს, უპასუხონ. ვგულისხმობ ანაზღაურებას, ასე გაურბიან იმ სიდუხჭირეს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. თუ ახლა ჩვენ უბრალოდ დავაწესებთ ამ პროცედურებს და ვიფიქრებთ, რომ უცხოური სამუშაო ძალას შევამცირებთ ქვეყანაში რითაც შიდა მოსახლეობა უფრო მეტად დასაქმდება, ეს ასე არ იქნება.

ვფიქრობ, რომ თუ ამას მიმართ კომპლექსური მიდგომა არ იქნება და ასევე არ გადავხედავთ თუნდაც იმ სახელფასო პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს, ვერ მივაღწევთ ჩვენ ამ შედეგს“, - განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

აღსანიშნავია, რომ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელი თანამშრომლის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს. პირველ ჯერზე ჯარიმის მოცულობა თითოეულ უცხოელზე 2 000 ლარით განისაზღვრა, ანმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება, შემდეგ კი სამმაგდება.

ასევე იზრდება ჯარიმები შრომის ინსპექციისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში – კომპანიებისთვის 1 000-დან 7 000 ლარამდე, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელისთვის – 5 000 ლარამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები