მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ კონკრეტულ პასპორტს დაადეს შეზღუდვა, ვიზის აღება არც ისეთი მარტივი იქნება, როგორც კობახიძე წარმოაჩენს" - დიპლომატი

ევრ

საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთსა და მონაკოში, ეკა სირაძე-დელონე, BMGTV-ის გადაცემა "საქმის კურსში" იმ ბერკეტებზე საუბრობს, რომლებიც ევროკავშირს საქართველოში მიმდინარე პროცესების საპასუხოდ შეუძლია აამოქმედოს. ყოფილმა დიპლომატმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ესეც ერთ-ერთ ბერკეტია და ევროკავშირში შესვლა მთავრობის წარმომადგენლებისთვის ისეთი მარტივი არ იქნება, როგორც მათ ჰგონიათ.

"დიპლომატიური პასპორტები საქართველოს პარლამენტის წევრებსაც აქვთ, შესაბამისად, მათაც შეეზღუდებათ შენგენში შესვლა. ამაზე კობახიძემ გააკეთა კომენტარი, რომ მერე რა მოხდა, მიხვალ, აიღებ ვიზას და წახვალო - თუკი პასპორტს დაადეს კონკრეტული შეზღუდვა, ვიზის აღება არ იქნება ისეთი მარტივი, როგორც ის წარმოაჩენს, შესაბამისად, ეს წარმოადგენს ერთ-ერთ ბერკეტს, რომ გაიფილტროს, ვის შეეძლება ევროკავშირში შესვლა და ვის არა.

27 ქვეყნის ერთ მაგიდაზე დასხდომა და გადაწყვეტილებაზე შეჯერება საკმაოდ რთული საკითხია და ბევრჯერ გვინახავს, რომ ვერ თანხმდებიან კონკრეტულ საკითხებზე, თუმცა საინტერესო ტენდენციაა და საჭიროებს აღნიშვნას, მაგალითად, ის რომ ესტონეთმა-ლიტვა-ლატვიამ უკვე დააწესეს კონკრეტული სანქციები და ეს ქმედება, ანუ ინდივიდუალური ქვეყნების გაზიარებული სანქციები კონკრეტული პირების მიმართ, უფრო დამაჯერებელი, უფრო ქმედითი, სწრაფი და მარტივად განხორციელებად იქნება", - აღნიშნავს ეკა სირაძე-დელონე.

საფრანგეთში ყოფილმა ელჩმა პრეზიდენტ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის საუბარიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყურადღება ახლა იმ ადამიანისკენაა მიმართული, ვინც საქართველოში რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს.

"სწორი აღნიშვნაა, რომ მაკრონმა ზარი ივანიშვილთან განახორციელა და საინტერესოა ევროპის მხრიდან ამ პოლიტიკური აღქმების შეცვლა, იმედი მაქვს, აშშ-სგანაც სწორედ იმავეს ვნახავთ. ამ ცვლილებით ხდება "ქართული ოცნების" ე.წ. ლიდერების, ე.წ. პრემიერ-მინისტრის თუ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის იგნორირება და აქცენტი კეთდება იმ პიროვნებაზე, რომელიც რეალურადაა გადაწყვეტილების მიმღები.

ჩვენმა პრეზიდენტმაც, სალომე ზურაბიშვილმა, ამაზე გააკეთა აქცენტი გუშინ ევროპარლამენტში. ანუ ეს აღქმები, რომლებსაც შედეგები მოჰყვება, მიმართულია იმ პიროვნებისკენ, რომელიც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს და მართავს ქვეყანას", - აცხადებს ეკა სირაძე-დელონე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები