მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ [მაღალი ფასების] სხვა მიზეზი ვერ იძებნება, გარდა კორუფციისა, კონკურენციის სააგენტოდან დაწყებული პრემიერის ჩათვლით, ყველა დასაჭერები ხართ - ეკონომისტი

აკაკი ცომაია

ეკონომისტი აკაკი ცომაია "ოცნების" მთავრობის პრემიერის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ირაკლი კობახიძემ საქართველოში სურსათის გაძვირებაზე ისაუბრა და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, გამოიკვლიონ ხომ არ არის ფასნამატებში დანაშაულის, მათ შორის კარტელური შეთანხმებების ნიშნები.

როგორც აკაკი ცომაია Facebook-ზე წერს, ირაკლი კობახიძის მიერ დასახელებული სცენარი, რომელიც სურსათის გაძვირებას საცალო ქსელების მოგების მარჟას უკავშირებს, ტექნიკურადაც არ არის შესაძლებელი, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ბაზარზე უკვე გამოჩნდებოდა კომპანია, რომელიც იგივე პროდუქციას უფრო დაბალი მოგების მარჟით ჩაუშვებდა რეალიზებაში.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ სურსათის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის კორუფცია იყოს. რაც შეეხება, კობახიძის მიერ დაანონსებულ საგამოძიებო კომისიის (რომელიც 2026 წლის საგაზაფუხლო სესიაზე პარლამენტში უნდა შეიქმნას) საქმიანობას, აკაკი ცომაიას აზრით, ეს ბიზნესის ტერორია.

"კობახიძის ლოგიკა: სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასები სადისტრიბუციო კომპანიებისა და სუპერმარკეტების ქსელების მაღალი ფასნამატის ბრალია.

ეკონომიკას შევეშვათ და წმინდა ტექნიკურად შევხედოთ საკითხს. ფასები სასურსათო პროდუქციაზე ერთბაშად არ გაძვირებულა. თანდათანობით იზრდება. ანუ, ვუშვებთ, რომ საბითუმო მოვაჭრეები და სუპერმარკეტების ქსელები თანდათანობით ზრდიან და ზრდიან მოგების მარჟას პერიოდიდან პერიოდამდე და ბოლოს 10%-იანი ინფლაციაც თურმე ამის გამოხატულება იყო? სრული აბსურდია ხომ? მაგრამ უბრალოდ მოდი გავყვეთ ამ ხაზს და ვნახოთ სად მივყავართ კობახიძის ლოგიკას.

მაშინ რატომ არ ჩნდება ბაზარზე ბევრი ახალი კომპანია პარალელურად, რომელიც 86%-ის ნაცვლად მხოლოდ 20%-ით გააძვირებს პროდუქციას? საქმე ხომ სასურსათო პროდუქციის გაყიდვას ეხება და არა თვითმფრინავების წარმოებას ბოლო-ბოლო. მეწარმეს ვერ დაასწრებ რაიმე ისეთის გაყიდვას, რომლის დამზადებაც მარტივია და მოაქვს დიდი მოგება. ბრინჯი 180%-ის ფასნამატით იყიდებაო და აგერ, ბატონებო, გამზადებული ბიზნესმოდელი გაქვთ. შემოიტანეთ ბრინჯი და გაყიდეთ თუნდაც 100%-იანი ფასნამატით. რა გიშლით ხელს?

რასაც კობახიძე ამბობს, მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს და ვერ მოძებნით რაიმე სხვა თეორიულ მიზეზსაც კი, რომელიც ამ ბოდვას (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) გაამართლებს. ბატონებო, რამე მაფიაა? ანუ, ბაზარზე შესვლის ბარიერები გვაქვს, რომელიც პერიოდულად მძიმდება და მძიმდება? მაგალითად, ვთქვათ, ბრინჯის, მაკარონის, მზესუმზირას ზეთის, კარაქის, შოკოლადის ბიზნესში მოქმედებს მაფია, რომელთაც ზემოთ მფარველობენ? მე არ ვიცი და არც ვვარაუდობ (რადგან ეს ინფორმაცია ვერ დაიმალება), მაგრამ კობახიძის ლოგიკას სხვა ახსნა არა აქვს. ვინმე ღვთისნიერმა გამაგებინეთ, რა შეიძლება იყოს სხვა თეორიული მიზეზი, რაც დისტრიბუტორებსა და სუპერმარკეტებს ყოველ პერიოდში მოგების მარჟის ზრდისკენ უბიძგებს? თან ფასებსაც ზრდიან და თან გაყიდვების რაოდენობაც ეზრდებათ. საინტერესო იქნებოდა კობახიძის პასუხი შემდეგ შეკითხვაზეც, ფასები საფრანგეთთან შედარებით 2006 წელსაც მაღალი იყო, თუ თანდათანობით დაუახლოვდა და ბოლო პერიოდში გაასწრო?

და თუ სხვა მიზეზი ვერ იძებნება, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის კორუფციის ბრალია, რასაც თავად კობახიძე არ ამბობს, მაგრამ მისი მსჯელობიდან სხვა დასკვნას ვერ გამოიტან, მაშინ მხოლოდ მაფიოზი ბიზნესები კი არა, კონკურენციის სააგენტოდან დაწყებული პრემიერის ჩათვლით, ყველა დასაჭერები ხართ.

ყველაზე საგანგაშო კი არის შემდეგი: "მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში (დისტრიბუცია და ქსელური მაღაზიები) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები"

  • წარმოიდგინეთ, პოლიცია შედის საბითუმო და საცალო სავაჭრო ქსელებში და სისხლის სამართლის დევნით ემუქრება ყველა იმ ბიზნესს, ვიზეც მოელანდება, რომ მოგების მაღალ მარჟას აწესებს
  • წარმოიდგინეთ, პარლამენტში პეტრიაშვილები და წილოსანები იკვლევენ თუ რა პრინციპით ადგენენ ფასებს ფირმები ბაზრებზე
  • წარმოიდგინეთ, რომ ამიერიდან ფასის შეთანხმება შესაძლოა მოგიწიოთ რეფერენტ კობახიძესთან.

სწორად მიხვდით. ეს ბიზნესის ტერორია. ასეთია რეჟიმის ბუნება. ხოლო თქვენ, თქვენი დუმილით, მხოლოდ აძლიერებთ და ეხმარებით მას", - წერს ეკონომისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები