თუკი სავაჭრო ქსელების მხრიდან დისტრიბუტორებისთვის და მწარმოებლებისთვის დაწესებული სხვადასხვა ტიპის გადასახადები შემცირდება, ეს საბოლოო მიწოდების ფასში აისახება - ასე ეხმიანება დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია რითეილ სექტორის ინიციატივას “საოჯახო კალათასთან” დაკავშირებით.
საქმე ისაა, რომ „რითეილ ასოციაციის“ წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ იწყებენ სავაჭრო ქსელებში “საოჯახო კალათის” ინიციატივის განხორციელებას, რაც მარკეტებში მათ მიერვე შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში სპეციალური ფასების პოლიტიკის ამოქმედებას გულისხმობს. თუმცა გაერთიანებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩაერთონ როგორც მწარმოებლები, ასევე დისტრიბუტორები.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა BMG-ის განუცხადა, სავაჭრო ქსელებში დღეს არსებული ფასდაკლებების ძირითადი ნაწილი ისედაც დისტრიბუტორების და მწარმოებლების ხარჯზე ხორციელდება. შესაბამისად, დამატებით პროდუქციის მიწოდების ფასის შემცირებისთვის აუცილებელია, თავად მარკეტებმა დააკორექტირონ მათ მიერ დაწესებული სხვადასხვა ტიპის გადასახადები.
“პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ერთი რამ, რომ ის ფასდაკლება, რომელსაც ხედავს მომხმარებელი თაროზე, მეტწილად და ძირითად შემთხვევაში ისედაც დისტრიბუტორის და მწარმოებლის ხარჯზე ხორციელდება. ანუ რა ფასდაკლებაც მომხმარებელს თაროზე ხვდება, არის ის ფინანსური ტვირთი, რომელსაც ისედაც დისტრიბუტორი და ადგილობრივი მწარმოებელი იღებს.
რაც შეეხება დამატებით კიდევ [ფასდაკლებებს], ნებისმიერი ცვლილება ქსელური მარკეტების მიერ დაწესებულ გადასახადებთან მიმართებით, პირდაპირპროპორციულად შეგვიძლია ავსახოთ მიწოდების ფასში, რაც შეამცირებს მომხმარებლისთვის მის [პროდუქციის] ღირებულებას. გამომდინარე იქიდან, რომ გამოუთავისუფლდება სადისტრიბუციო კომპანიას და ადგილობრივ მწარმოებელს ფინანსური საბრუნავი საშუალებები, რაც კიდევ უფრო მეტი, დაბალი ფასით მიწოდების შესაძლებლობას მისცემს.
თუ ჩვენ ვსაუბრობთ რიტეილის მხრიდან გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რაღაც ტიპის ქმედებების განხორციელებაზე, ერთ-ერთი მათი პასუხისმგებლობის ნაწილი იქნებოდა იმ დაწესებული გადასახადების კორექტირება დისტრიბუტორებისთვის და მწარმოებლებისთვის, რომლითაც შემდეგ უფრო მეტი პროცენტული ოდენობითაც შეიძლება რომ დააკორექტირონ ფასი და გააკეთონ ფასდაკლება.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ყველა ფასდაკლება ძირითად შემთხვევაში არის სადისტრიბუციო კომპანიის და ადგილობრივი მწარმოებლის ტვირთი. ეს გაწერილია ხელშეკრულებებით და მათ შორის კომპენსირდება იმ გადასახადებიდან, რომელსაც იხდის სექტორი, დისტრიბუტორი და ადგილობრივი მწარმოებელი. ამ სახელშეკრულებო პირობების ნებისმიერი ტიპის ცვლილება, რომელიც შეამსუბუქებს ქსელურ მარკეტებში დაწესებულ გადასახადებს, რა თქმა უნდა, შემდეგ პირდაპირპროპორციულად და მასზე მეტადაც შეძლებს უკვე მიწოდების ფასში ასახოს ნებისმიერმა კომპანიამ [დისტრიბუტორმა და მწარმოებელმა].
ჩვენ ვამბობთ, რომ რიტეილის მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადასადგმელი ესა თუ ის ნაბიჯი, რომელიც იგეგმება და რომელთან დაკავშირებითაც მიდის მსჯელობა, თუკი მათ შორის მოიაზრებს იმას, რომ შესაძლებელია დისტრიბუტორებისთვის და მწარმოებლებისთვის დაწესებული გადასახადები შემცირდეს, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისტრიბუტორის და მწარმოებლის მხრიდან მიწოდების ფასში აისახება და მომხმარებლისთვის სხვა ფორმით შეიძლება ვიხილოთ თაროზე [პროდუქციის ფასები].
მათ შორის, რა თქმა უნდა, არიან კომპანიები, რომლებსაც თავისი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დამატებით შეუძლიათ კიდევ მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მეტი ფასდაკლებები შესთავაზონ პროდუქციაზე, მაგრამ მთლიანობაში ეს ტვირთი საბოლოოდ ძირითად შემთხვევაში გადადის დისტრიბუტორის ხარჯზე. ამ ნაწილში, რომ ეს ტვირთი გადანაწილდეს რითეილსა და დისტრიბუტორს შორის, ამ შემთხვევაში იქნება შედარებით უფრო ხელშესახები მომხმარებლისთვის”, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.




























