„თუ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა, შესაძლებელია, ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის საკითხი დააყენონ“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, ქვეყანა შედის იმ გზაზე, სადაც შესაძლოა, საერთოდ დაკარგოს ევროსაბჭოს წევრობა.
კახა გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო ასამბლეა არ დაელოდოს აპრილის სესიას და საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება იქამდე შეუჩეროს.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები“ - ამბობს ის და ასევე, დასძენს, რომ Pace-ში უფლებამოსილების შეჩერების გაგრძელება, შესაძლოა, იყოს საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვა.
ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად დიდია ალბათობა, თავად „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ევროსაბჭო, კახა გოგოლაშვილი მმართველი პარტიისგან არაფერს გამორიცხავს.
„ევროპის საბჭოში მიღების, ხმის ჩამორთმევის, გარიცხვის საკითხებს, ძირითადად, სწორედ საპარლამენტო ასამბლეა [Pace] ამუშავებს ანუ ფორმალურად არ წყვეტს, მაგრამ Pace ამზადებს რეზოლუციებს, ის მოითხოვს, მაგალითად, მეორე მნიშვნელოვანი ორგანოსგან, რომელიც მინისტრთა საბჭოა, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას და ამ უკანასკნელს მარტივად არ შეუძლია უარი თქვას Pace-ს მიერ შეთავაზებულ გადაწყვეტილებაზე. ამდენად, თუ Pace-ის წევრების 2/3 მოითხოვს საქართველოს გარიცხვას ევროსაბჭოდან, ამ საკითხს აუცილებლად განიხილავს ევროსაბჭოს მინისტრთა საბჭო და 2/3-ით მიიღებს გადაწყვეტილებას; ამიტომ [ოცნების გადაწყვეტილება] არის აბსოლუტურად ცეცხლთან თამაში... რატომ? თუ „ქართული ოცნება“ Pace-ის რეზოლუციაში გაწერილ მოთხოვნებს აპრილამდე შეასრულებდა, მაშინ საპარლამენტო ასამბლეა მიიღებდა ახალ რეზოლუციას და საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას აღიარებდნენ, მაგრამ თუ არ შეასრულებდა და ფაქტია, „ოცნებამ“ ბოიკოტი გამოუცხადა Pace-სს, მაშინ მათ შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება - ისინი არ აღიარებენ უფლებამოსილებას; ასევე, შეუძლიათ, ვადა დროებით, კიდევ გადასწიონ და მისცენ 3 ან 5 თვე, თუ დაინახავენ საქართველოს მხრიდან პირობების შესრულებას, მაგრამ “ოცნებამ” პირდაპირ განაცხადა, რომ არ აინტერესებს ეს დათქმები და წყვეტენ Pace-ში მუშაობას. ამ სიტუაციაში, ალბათ Pace-ს რეაქცია იქნება უფრო მკაცრი ზომის მიღება - ეს შეიძლება იყოს ხმის ჩამორთმევა ან საერთოდ გარიცხვა. სავარაუდოდ, უფრო ხმის ჩამორთმევაზე შეიძლება იყოს საუბარი. ეს რა თქმა უნდა, არის მყისიერი საფრთხე მთლიანად საქართველოსთვის. მაგალითად, აზერბაიჯანს Pace-ში ხმის უფლება ჩამორთმეული აქვს უკვე ერთი წელია და აზერბაიჯანის მთავრობა კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან მას არ აქვს ამბიცია არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც მაინცდამაინც იმის, რომ ევროპული ქვეყნის სახელი ჰქონდეს. ჩვენი მომავალი და კეთილდღეობა კი დამოკიდებულია იმაზე, ვართ თუ არა დემოკრატიული ქვეყანა და გვაქვს თუ არა პერსპექტივა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების - თუ ეს ფაქტორები არ იქნება, ჩვენ არც ნავთობი გვაქვს და არც გაზი, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და რეგიონში რაღაც ეკონომიკური როლი მაინც ვითამაშოთ“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.




























