მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ "ოცნება" დატოვებს ევროსაბჭოს და გააგრძელებს ძალაუფლებით ტკბობას, მაშინ საქართველო ამის ღირსია" - ინტერვიუ

კახა გოგოლაშვილი

„წერტილი უნდა დავუსვათ კითხვას - იქნება თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროპული სახელმწიფო და იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი. დიახ, იქნება და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში აუცილებლად ჩატარდება ახალი არჩევნები და მოვა ხელისუფლება, რომელიც სწრაფად წაიყვანს ქვეყანას ევროკავშირში“ - ეს განცხადება "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში გააკეთა, რომლის მთავარი თემა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [Pace] რეზოლუცია და პროტესტის ნიშნად, „ქართული ოცნების“ მიერ Pace-ში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება იყო. კახა გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო ასამბლეა არ დაელოდოს აპრილის სესიას და საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება იქამდე შეუჩეროს. „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები“ - ამბობს ის და ასევე, დასძენს, რომ Pace-ში უფლებამოსილების შეჩერების გაგრძელება, შესაძლოა, იყოს საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვა. ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად დიდია ალბათობა, თავად „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ევროსაბჭო, კახა გოგოლაშვილი მმართველი პარტიისგან არაფერს გამორიცხავს. „თუ „ოცნება“ ამას შეძლებს ანუ დატოვოს ევროსაბჭო და ამის შემდეგ წყნარად გააგრძელოს ძალაუფლებით ტკბობა და თუ ამას ქართველი ხალხი აიტანს, შეეგუება და ყველა არ გაიფიცება, მაშინ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ საქართველო ამის ღირსია და ეს ქვეყანა არ იმსახურებს იყოს ევროსაბჭოს ან ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „წერტილში“ და იმედი გამოთქვა, რომ მოვლენები ასე არ განვითარდება. „სანამ „ოცნება“ საბოლოოდ დაღუპავს ქვეყანას და გაიყვანს საქართველოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, იძულებული გახდება ხალხის და საერთაშორისო ზეწოლით, დათმოს ხელისუფლება და ჩაატაროს ახალი არჩევნები“, - აღნიშნა მან.

რას წარმოადგენს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) და საქართველოს 26 წელი PACE-ში

საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს ანგარიშები

- ბატონო კახა, პირველ რიგში, შევაფასოთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტაზე და ასევე, მოქალაქეებს ავუხსნათ ევროპის საბჭოს რა რგოლია საპარლამენტო ასამბლეა, რადგან „ოცნების“ წარმომადგენლები ისე წარმოაჩენენ, რომ თითქოს Pace ევროსაბჭოს ძალიან უმნიშვნელო ორგანოა... მაგალითად, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტზე მეათეხარისხოვანი ორგანოა“...

- პირველ რიგში, ხაზს გავუსვამდი იმ პათოსს, რომლითაც საქართველოს მაღალჩინოსნები სხვადასხვა ევროპულ თუ ამერიკულ სტრუქტურას და ინსტიტუტს მოიხსენიებენ - მათზე საუბრობენ ხელაღებით, დამამცირებელი ფორმით და ა.შ. ასევე, ხაზს გავუსვამდი იმასაც, რომ ევროპარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, მაგრამ მას არ გააჩნია ისეთი ძლიერი შესაძლებლობები ინსტიტუციური გადაწყვეტილებების თვალსაზრისით, როგორც საპარლამენტო ასამბლეას. რატომ? ევროპის საბჭოში მიღების, ხმის ჩამორთმევის, გარიცხვის საკითხებს, ძირითადად, სწორედ საპარლამენტო ასამბლეა [Pace] ამუშავებს ანუ ფორმალურად არ წყვეტს, მაგრამ Pace ამზადებს რეზოლუციებს, ის მოითხოვს, მაგალითად, მეორე მნიშვნელოვანი ორგანოსგან, რომელიც მინისტრთა საბჭოა, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას და ამ უკანასკნელს მარტივად არ შეუძლია უარი თქვას Pace-ს მიერ შეთავაზებულ გადაწყვეტილებაზე. ამდენად, თუ Pace-ის წევრების 2/3 მოითხოვს საქართველოს გარიცხვას ევროსაბჭოდან, ამ საკითხს აუცილებლად განიხილავს ევროსაბჭოს მინისტრთა საბჭო და 2/3-ით მიიღებს გადაწყვეტილებას; ამიტომ [ოცნების გადაწყვეტილება] არის აბსოლუტურად ცეცხლთან თამაში... რატომ? თუ „ქართული ოცნება“ Pace-ის რეზოლუციაში გაწერილ მოთხოვნებს აპრილამდე შეასრულებდა, მაშინ საპარლამენტო ასამბლეა მიიღებდა ახალ რეზოლუციას და საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას აღიარებდნენ, მაგრამ თუ არ შეასრულებდა და ფაქტია, „ოცნებამ“ ბოიკოტი გამოუცხადა Pace-სს, მაშინ მათ შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება - ისინი არ აღიარებენ უფლებამოსილებას; ასევე, შეუძლიათ, ვადა დროებით, კიდევ გადასწიონ და მისცენ 3 ან 5 თვე, თუ დაინახავენ საქართველოს მხრიდან პირობების შესრულებას, მაგრამ “ოცნებამ” პირდაპირ განაცხადა, რომ არ აინტერესებს ეს დათქმები და წყვეტენ Pace-ში მუშაობას. ამ სიტუაციაში, ალბათ Pace-ს რეაქცია იქნება უფრო მკაცრი ზომის მიღება - ეს შეიძლება იყოს ხმის ჩამორთმევა ან საერთოდ გარიცხვა. სავარაუდოდ, უფრო ხმის ჩამორთმევაზე შეიძლება იყოს საუბარი. ეს რა თქმა უნდა, არის მყისიერი საფრთხე მთლიანად საქართველოსთვის. მაგალითად, აზერბაიჯანს Pace-ში ხმის უფლება ჩამორთმეული აქვს უკვე ერთი წელია და აზერბაიჯანის მთავრობა კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან მას არ აქვს ამბიცია არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც მაინცდამაინც იმის, რომ ევროპული ქვეყნის სახელი ჰქონდეს. ჩვენი მომავალი და კეთილდღეობა კი დამოკიდებულია იმაზე, ვართ თუ არა დემოკრატიული ქვეყანა და გვაქვს თუ არა პერსპექტივა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების - თუ ეს ფაქტორები არ იქნება, ჩვენ არც ნავთობი გვაქვს და არც გაზი, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და რეგიონში რაღაც ეკონომიკური როლი მაინც ვითამაშოთ.

- Pace-ში მუშაობის შეწყვეტა, რეალურად, Pace-ს დატოვებას ნიშნავს?

- რეალურად “ოცნებას“ Pace არ დაუტოვებია; ეს იყო ბოიკოტის გამოცხადება - ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობასო, მაგრამ მათ ხომ ისედაც შეზღუდული ჰქონდათ Pace-ში აქტიურობა - არ ჰქონდათ დებატებში მონაწილეობის უფლება, ასევე, კომისიებში სხვადასხვა გადაწყვეტილების მიმღებ ღონისძიებებში მონაწილეობა დროებით, სამი თვით, შეზღუდული ჰქონდათ. ერთადერთი, რაზედაც უნდა ემუშავათ, იყო პირობების შესრულება, მაგრამ რადგან ამაზე უარი თქვეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩავთვალოთ, ფაქტობრივად, სამი თვე უკვე გასულია და აი, ჩვენ დავდექით ახალი რეალობის წინაშე - ამ განცხადების შემდეგ შესაძლოა, Pace არ დაელოდოს სამ თვეს და ახლავე მოუხსნას საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება, რადგან ის პირდაპირ აცხადებს, რომ არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს. საპარლამენტო ასამბლეას შეუძლია, ერთ კვირაში ან ერთ თვეში ჩაატაროს ახალი სესია, გაიტანოს ჩვენი საკითხი და საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს.

- როგორია თქვენი მოლოდინი - Pace დაელოდება სამი თვის გასვლას თუ უახლოეს მომავალში შეუჩერებს საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილებას?

-ძნელი სათქმელია; ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები. თუ დემოკრატიული უკუსვლა გაძლიერდა, მაშინ Pace არ დაელოდება აპრილს, საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების გაუქმების საკითხს დააყენებენ და ასევე, გააგრძელებენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას.

- მოქალაქეებს მარტივად ავუხსნათ, რას ნიშნავს Pace-ში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერება - რას ვკარგავთ?

- ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპის საბჭოში ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა, გადაწყვეტილებების მიღებაში მივიღოთ მონაწილეობა. ქვეყანა კარგავს პრესტიჟს - აღარ განიხილება როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და „გადაწყვეტილებებთან არ მიგიშვებენ“ ანუ არ გენდობიან. მაგალითად, კენჭი თუ ეყრება რაღაც რეზოლუციას, ანგარიშს ან მონიტორინგის შედეგებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, საქართველოს აზრს არ შეეკითხებიან. პარალელურად, აკვირდებიან საქართველოში მდგომარეობას და თუ სიტუაცია გაუარესდება, შეიძლება, ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი დააყენონ ანუ ქვეყანა დაადგა გზას, როცა შესაძლოა, საერთოდ დაკარგოს ევროსაბჭოს წევრობა.

- მართალია, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, მაგრამ შეიძლება, რომ დაასწრონ და თავად დატოვონ ევროპის საბჭო?

- რუსეთმა ასე გააკეთა... რუსეთს წაართვეს ხმის უფლება Pace-ში და მან დატოვა ევროსაბჭო...- ანუ „ოცნებას“ შეუძლია, რომ რუსეთს მიჰბაძოს?

-რა თქმა უნდა, შეუძლია. პრაქტიკულად, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია. ისინი არ აღიარებენ ევროპის დემოკრატიულ წესრიგს, არ აღიარებენ ევროპულ ინსტიტუტებს. ისინი ამბობენ, რომ Pace უმნიშვნელო ინსტიტუტია. არადა Pace პრაქტიკულად არის ზედამხედველობის ინსტიტუტი, თუ როგორ ხორციელდება ევროპის საბჭოს კონვენციები, ამიტომ Pace-ს თუ შენ უარყოფ, უარყოფ ევროპის დემოკრატიულ წესრიგს, რომელზედაც 1949 წლიდან დაიწყეს შეთანხმება ევროპის კონტინენტის ქვეყნებმა და პრაქტიკულად, მოიცვეს მთელი კონტინენტი, გარდა ბელარუსისა, ყველა იყო ევროპის საბჭოს წევრი. საერთოდ ევროპის საბჭოს წევრობა საპარლამენტო ასამბლეაში წევრობის გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი მდგომარეობაა - ფორმალურად შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დრო, მაგრამ დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. ზოგადად, ევროპის საბჭო როგორ მუშაობს? - საპარლამენტო ასამბლეა ახორციელებს დემოკრატიულ კონტროლს მთელი ევროპის ტერიტორიაზე და ამოწმებს როგორ ხორციელდება დემოკრატიული წესრიგის ის ელემენტები, რომლებიც ჩადებულია ევროპულ კონვენციებში. შესაბამისად, თუ Pace-დან გამოხვედი, შენ არ მონაწილეობ დემოკრატიის ზედამხედველობის პროცესში და არც არანაირ ვალდებულებებს ასრულებ, რომელიც Pace-ის რეზოლუციებიდან თუ რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს. ეს ყველაფერი კი, აბსოლუტურად უაზროს ხდის ქვეყნის ყოფნას ევროპის საბჭოში და ადრე თუ გვიან იმოქმედებს რეგრესის განვითარებაზე; შედეგად, ქვეყანა მივა იმ მდგომარეობამდე, რომ ისინი გიბიძგებენ და გაიძულებენ, გახვიდე Pace-დან ან თავად გაგრიცხავენ...

- ბატონო კახა, არ უშვებთ იმის ალბათობას, რომ თავად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს გადაწყვეტილება ევროსაბჭოს დატოვებაზე?

-თუ „ოცნება“ ამას შეძლებს ანუ დატოვოს ევროსაბჭო და ამის შემდეგ წყნარად გააგრძელოს ძალაუფლებით ტკბობა და თუ ამას ქართველი ხალხი აიტანს, შეეგუება და ყველა არ გაიფიცება, მაშინ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ საქართველო ამის ღირსია და ეს ქვეყანა არ იმსახურებს იყოს ევროსაბჭოს ან ევროკავშირის წევრი. [ევროსაბჭოს დატოვებას] ევროკავშირის კონტინენტზე ვერ ბედავს ვერცერთი ქვეყანა და ვინც გაბედა, საშინელი დიქტატურა გახდა, როგორიც არის ბელარუსი, როგორიც არის რუსეთი და ვხედავთ აზერბაიჯანი რა გზასაც დაადგა. ასე რომ, იქ, სადაც ამას გაბედავენ, ხალხი დაჩაგრულია, წართმეული აქვს სიტყვის თავისუფლება და შეუძლებელია თავი იმართლო - „რა ვქნა, „ოცნებასაც“ ჰყავს მხარდამჭერები“. გამოდის, არის მოქალაქეების კრიტიკული მასა, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს დემოკრატია და შეუძლია მხარი დაუჭირონ ნებისმიერ ხელისუფლებას, ოღონდ რაღაცა გამორჩენა მიიღონ ანუ საზოგადოება არაა მზად დემოკრატიისთვის და ევროკავშირისთვის.

- ჩემი კითხვა იყო, „ოცნებისგანაც“ კი, გამორიცხავთ, რომ ხვალ ან ზეგ თეა წულუკიანმა ისევე წაიკითხოს განცხადება ევროსაბჭოს დატოვების შესახებ, როგორც Pace-ში მუშაობის შეწყვეტა გვამცნო?

-ყველანაირი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ, სადაც იგრძნობენ, რომ ეს გაუვათ და ძვირი არ დაუჯდებათ.

- "ოცნებას" ეგონა, რომ ევროინტეგრაციის შეჩერებაზე გადაწყვეტილება ძვირი არ დაუჯდებოდა?

- დიახ, ასე ეგონათ და ძალიან ძვირი დაუჯდათ, უჯდებათ და კიდევ უფრო ძვირი დაუჯდებათ.

- თქვენ რომელ სცენარს ელოდებით - „ქართული ოცნების“ მიერ ევროსაბჭოს დატოვებას თუ გარიცხვას?

- მე ველოდები სხვანაირ სცენარს - სანამ „ოცნება“ საბოლოოდ დაღუპავს ქვეყანას და გაიყვანს საქართველოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან, იძულებული გახდება ხალხის და საერთაშორისო ზეწოლით, დათმოს ხელისუფლება და ჩაატაროს ახალი არჩევნები; სხვა სცენარი ჩემთვის მიუღებელია. [ოცნების] ძალაუფლება არის ძალიან არასანდო; პრაქტიკულად, საქართველოს ნებისმიერი უკან დახევა და უკუსვლა საერთაშორისო ასპარეზზე მათ მიერ წარმოდგენილია როგორც თამაში და ასეთი არასერიოზული ხტუნვა-ხტუნვით ჩვენ აღმოვჩნდებით დიდი უფსკრულის წინ და გადავხტებით კიდეც [უფსკრულში]. გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა ახალი არჩევნებია. 30 წლის განმავლობაში საქართველო ცუდად თუ კარგად, შეცდომებით და ხანდახან დანაშაულებით, სწორი გზით მიდიოდა ევროპისკენ და ახლაც იგივე უნდა გავაგრძელოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები