"რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში ავტორიტარიზმის განვითარების ტენდენციებია. როგორც კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს, მთავრობის ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებთან თანხვედრაში არ არის.
"თითქოს ჩანდა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გარდაუვალი იყო. სამწუხაროდ, ბოლო ორი-სამი წელი, განსაკუთრებით, ბოლო თვეები, აშკარად ვხედავთ ავტორიტარიზმის განვითარების ტენდენციებს. ისეთი ტიპის რეფორმების და პოლიტიკის გატარების მცდელობაა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებთან და მოწოდებებთან თავსებადი არ არის. ვფიქრობთ, შესაძლებელია, საქართველო ავტორიტარული სამყაროს წიაღში აღმოჩნდეს", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
"რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გზაჯვარედინია.
"ძირითადი მოწოდებებიდან და საარჩევნო პროგრამებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ არჩევნები გზაჯვარედინს წარმოადგენს. ერთი შედეგის შემთხვევაში, საქართველო ევროინტეგრაციის პროცესს სწრაფად დაუბრუნდება, მეორე შედეგის შემთხვევაში, ეს ყველაფერი ეჭვქვეშ დგება და დიდი რისკია, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე უკუსვლას დაიწყებს", - აღნიშნა მან.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით, კონფერენცია "რა მომავალი აქვს ქართულ დემოკრატიას? გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ" გაიმართა.