მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მგონი, "ოცნებას" ევროპის საბჭო საკოლმეურნეო ბაზარი ჰგონია - კახა გოგოლაშვილის შეფასება და კითხვები

კახა გოგოლაშვილი

"რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, პროტესტის ნიშნად PACE-ში მუშაობის შეწყვეტაზე ბუნდოვანია და შესაძლოა, უკანონოც. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

საქმე ის არის, რომ გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის შეზღუდული უფლებამოსილება პოლიტპატიმრებისა გათავისუფლების, ახალი არჩევნების მომზადებისა და სხვა პირობებით ცნო. “ქართულმა ოცნებამ” კი, პროტესტის ნიშნად PACE-ში მუშაობა შეწყვიტა, რაზედაც განცხადება თეა წულუკიანმა გააკეთა.

„თეა წულუკიანის განცხადება არის ბუნდოვანი და შესაძლოა უკანონოც. რას ნიშნავს "გუნდის გადაწყვეტილებით, ვწყვეტთ მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან?" აქვს კი უფლება რაღაც "გუნდს" მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება? ანუ გააუქმოს 1999 წელს მაშინდელი პარლამენტის მიერ რატიფიცირებული გადაწყვეტილება ევროსაბჭოში გაწევრიანების შესახებ და, შესაბამისად, ევროპის საბჭოს წესდების უარყოფა? ანუ, რატიფიცირებული გადაწყვეტილების რაღაც გუნდის მიერ გაუქმება? ისე, რომ ყალბი, მაგრამ მაინც პარლამენტის საპირისპირო გადაწყვეტილება არ მიიღო? თან, ჩვენ ვრჩებით ევროსაბჭოს წევრებადო, მაგრამ პასესთან აღარ ვითანამშრომლებთო? ეს შესაძლებელია? ევროსაბჭო ხომ რეალურად PACE-ა, დანარჩენი სამსახურები და ინსტიტუტები კი მის გადაწყვეტილებებს ემსახურება.

მახსენდება საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდი. ლიტვამ, პირველმა, რესპუბლიკებს შორის გამოაცხადა კავშირიდან გასვლა. კომიკურმა პერსონაჟმა, პოლიტბიუროს წევრმა ნიშანოვმა მაშინ აღშფოთებულმა გამოაცხადა - "ლიტვა არასადაც არ გადის, საბჭოთა კავშირი საკოლმეურნეო ბაზარი არ არის, რომ როგორც გინდა, ისე გახვიდე-შემოხვიდეო!"

მგონი, ამათ ევროპის საბჭო ჰგონიათ საკოლმეურნეო ბაზარი“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები