საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. ზურაბიშვილმა აცრა დღეს, ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრში გაიკეთა.
„აცრა ჩავიტარე ურიგოდ, რადგან ჯერ აცრა არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც იმ ჯგუფში ვარ, ვისაც აცრა ეკუთვნის. ჯერ არის რიგი ექიმების, ექთნების და იმ მედპერსონალის, რომელმაც ეს თვეები ძალიან მძიმედ გაიარა და ნამდვილად საჭიროა, რომ მათ აიცრან, რადგან არ იყვნენ გადამდები და იყვნენ მეტად დაცული, ვინაიდან მათზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ის მედიკოსებს მოუწოდებს გამოიყენონ ქვეყნისთვის მიცემული შანსი და აცრა ჩაიტარონ.
„მალე დაიწყება შემდეგი ჯგუფების ვაქცინაცია და თუ გვინდა, იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოყვება კოვიდ-პანდემიას მთელ მსოფლიოში, აუცილებელია, რომ ეს საშუალება, რაც მოგვეცა, ან აწი მოგვეცემა, გამოვიყენოთ, რადგან დავიცვათ საზოგადოება და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. გისურვებთ ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევასაც გადავლახავთ და სხვასაც“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ.




























