კომპანია „ვისოლმა“ ახალი გარემოსდაცვითი კამპანია „თუ მოისვრი, მობრუნდება“ დაიწყო, რომლის მიზანიც გზისპირა დაბინძურების შემცირება, ავტომობილით გადაადგილებისას პასუხისმგებლიანი ქცევის წახალისება და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ "ვისოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და CSR სამსახურის ხელმძღვანელმა რუსუდან კბილაშვილმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორმა სოფიკო ახობაძემ ისაუბრეს.
რუსუდან კბილაშვილის განცხადებით, „ვისოლი“, რომელიც საქართველოში ავტომობილით გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას უკვე 26 წელია ქმნის, მიიჩნევს, რომ კეთილი მგზავრობა სუფთა გარემოდან იწყება.
„გვჯერა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა იმ გარემოს მიმართ, სადაც ვცხოვრობთ და ვმოგზაურობთ. სწორედ ეს იყო მიზეზი, რატომაც დავიწყეთ გარემოსდაცვითი მასშტაბური კამპანია "თუ მოისვრი, მობრუნდება" REC Caucasus-თან თანამშრომლობით“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, კამპანია ეფუძნება ბუმერანგის ეფექტის იდეას - ერთი შეხედვით მცირე ქმედებასაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვეს, რომელიც საბოლოოდ საზოგადოებასა და გარემოს უბრუნდება.
„გვინდა ავამაღლოთ ცნობიერება იმის შესახებ, რომ ავტომობილიდან გადაგდებული ერთი ნარჩენიც კი გავლენას ახდენს გარემოზე და ეს გავლენა საბოლოოდ ისევ ჩვენ გვიბრუნდება“, – აღნიშნა რუსუდან კბილაშვილმა.
კამპანიაში „ვისოლის“ შვილობილი კომპანიებიც ერთვებიან, მათ შორის „სმარტი“, „ვენდი“, „დანკინი“, „საბვეი“ და „ალმა“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც საინფორმაციო აქტივობები, ისე პრაქტიკული ნაბიჯები.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორის სოფიკო ახობაძის განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ გზისპირა დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო პლასტმასის ნარჩენებია.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად ვსწავლობთ გზისპირა, მდინარის ხეობებისა და სანაპირო ზოლის დაბინძურებას. კვლევებით გამოიკვეთა, რომ დაბინძურების დაახლოებით 80% პლასტიკზე, განსაკუთრებით კი PET ბოთლებზე მოდის“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, პრობლემა მხოლოდ ვიზუალური დაბინძურებით არ შემოიფარგლება და ნარჩენები საბოლოოდ ადამიანის ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას.
„პლასტიკი უკან გვიბრუნდება მიკროპლასტიკის სახით, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასევე ეს პირდაპირ აისახება ტურიზმზეც – არცერთ ადამიანს არ მოუნდება ქვეყანაში დაბრუნება, თუ გზისპირები დაბინძურებული იქნება“, – აღნიშნა ახობაძემ.
კამპანიის ერთ-ერთი მიმართულება პლასტმასისა და თუნუქის ქილების შეგროვებისა და გადამუშავების სისტემის განვითარებაა. როგორც „ვისოლში“ აცხადებენ, რამდენიმე თვეში გორის ობიექტზე სპეციალური აპარატები განთავსდება, რომლებიც ნარჩენების შეგროვებას უზრუნველყოფს.
REC Caucasus-ის დირექტორის განცხადებით, საქართველოში პლასტმასის გადამუშავების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ნედლეულის ნაკლებობაა.
„დღეს საქართველოში მოხმარებული და წარმოებული მასალის მხოლოდ დაახლოებით 1.3% გადამუშავდება. ქვეყანაში 12 კომპანიაა, რომელიც რეციკლირებით არის დაკავებული, თუმცა მთავარი პრობლემა მათთვის საკმარისი ნედლეულის მიწოდებაა“, – განაცხადა სოფიკო ახობაძემ.
მისივე თქმით, „ვისოლთან“ თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება საპილოტე დეპოზიტური დაბრუნების სისტემის გამოცდაც, რომელიც მომავალში ნარჩენების შეგროვების უფრო ეფექტიანი მექანიზმის შექმნას შეუწყობს ხელს.
„ვისოლის“ წარმომადგენლის განცხადებით, კამპანიის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური პლატფორმაც – mobrundeba.ge, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის ნარჩენის გარემოსა და ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ. გარდა ამისა, აგვისტოს დასაწყისში დაგეგმილია დასუფთავების აქცია გორის ტერიტორიაზე, სადაც კომპანიის თანამშრომლები და მოხალისეები ჩაერთვებიან.
„მთავარი არის ადამიანების ყურადღების მიქცევა, რომ ეს პრობლემა არსებობს და მცირე ქცევის ცვლილებითაც შეგვიძლია პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ გარემოზე“, – განაცხადა რუსუდან კბილაშვილმა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კამპანიის მიზანია არა მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა, არამედ პასუხისმგებლიანი სამოგზაურო კულტურის დამკვიდრება და გარემოზე ზრუნვის ყოველდღიურ ჩვევად ქცევაა.




























