ფეროშენადნობთა საწარმოების ნაწილი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში იაფ ელექტროენერგიაზე წვდომას ითხოვს.
როგორც “საქმის კურსის” ეთერში კომპანია AMB Alloys-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია გოგსაძემ განაცხადა, სემეკის მიერ 1 აპრილიდან “ენერგო პრო ჯორჯიასთვის” დადგენილი განაწილების ახალი ტარიფის შედეგად, მათ საწარმოს 1 კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულება 3 თეთრით, 27.3 თეთრამდე გაეზარდა.
კომპანიაში ამბობენ, რომ გლობალურ ბაზარზე ფეროშენადნობებზე არსებული შედარებით დაბალი ფასების შენარჩუნების ფონზე, ელექტროენერგიის გაძვირებამ შესაძლოა, საწარმო უკვე მაისიდან დახურვის საფრთხის წინაშე დააყენოს.
ამიტომ კომპანიაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, დარგს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში შედარებით იაფ ელექტროენერგიაზე ჰქონდეს წვდომა.
“ჩვენს შემთხვევაში ტარიფის ზრდა განპირობებულია იქიდან, რომ განაწილების ტარიფი 10 კილოვოლტიან ძაბვაზე მიერთებულ მომხმარებლებს გაეზარდათ 3 თეთრით. თუკი ტარიფი გაზრდამდე, ანუ 1-ელ აპრილამდე იყო 4,39 თეთრი, დღევანდელ მოცემულობაში გვაქვს 7,44. ანუ რეალურად ზრდა არის თითქმის 40%. ეს იწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს და იზრდება ფინანსური ტვირთი ჩვენი კომპანიისათვის. და არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, ასეთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა სექტორის ის საწარმოებიც, რომლებიც 10 კილოვოლტამდე ან 10 კილოვატიან ძაბვის საფეხურზე არიან მიერთებულები, ყველას ანალოგიური პრობლემა შეექმნა.
ბოლო პერიოდის ცვლილებების შედეგად ფასნამატი დაახლოებით ტონა პროდუქციაზე სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს 50-დან 70-80 დოლარის ფარგლებში, რაც მოცემულ სიტუაციაში არის ძალიან დიდი ციფრი და არაკონკურენტულ გარემოში გადავყავართ.
როგორც მოგახსენებთ და ეს მრავალჯერ არის გაჟღერებული, 2022 წლიდან მთლიანად სექტორი, ფეროშენადნობების დარგი იმყოფება ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რაც თავის მხრივ განპირობებულია იმ ცნობილი საერთაშორისო ფაქტორებით, როგორიც არის რუსეთ-უკრაინის ომი. 2022 წლის მეორე ნახევრიდან დარგი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში ფასებზე მკვეთრი კლების და გაზრდილი საერთაშორისო კონკურენციის პირობებში.
დარგისთვის გამოსავლად ალბათ სხვა რიგ ღონისძიებებთან ერთად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, რომ იქნებ როგორმე მოგვეძებნა შედარებით იაფი ელექტროენერგია, შეღავათიანი ტარიფი, რაც დარგს მისცემდა საშუალებას ამ კრიზისის პირობებში, საწარმოს სიმძლავრეების შეენარჩუნებინა. ამ გადასახედიდან ალბათ ყველაზე ეფექტური გამოსავალი იქნებოდა სეზონურობის გათვალისწინებით გაზაფხული-ზაფხულის პირობებში შედარებით იაფი, ჭარბი ჰიდრორესურსებიდან რაღაც სეგმენტის მიღება და განაწილება სექტორზე, რომელიც მხოლოდ შეიძლება ჩაითვალოს მაშველ რგოლად დარგისთვის, რომ შევინარჩუნოთ საწარმოს სიმძლავრეები. სხვა შემთხვევაში, დარგს რეალურად გაუჭირდება ფუნქციონირება. ანუ ჩვენი საფრთხეები გახლავთ ის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს პრობლემების მოგვარება, თანამშრომლების, სახელფასო ვალდებულებების და სხვა მიმდინარე ვალდებულებების შენარჩუნება და მომსახურება.
შესაბამისი პროფილის სახელმწიფო უწყებებთან ჩვენ აღნიშნულის თაობაზე შეიძლება ითქვას, რომ მუდმივ დიალოგში ვართ. ცნობილია ჩვენი დარგის პრობლემების შესახებ და ამავდროულად, ალბათ გამოსავალი შეიძლება იყოს იაფი ჰიდროელექტრო რესურსები, რომელიც მიმდინარე თვეებში, მაისის თვიდან რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს და გადაუნაწილდეს დარგის კომპანიებზე.
იმედს გამოვთქვამთ, რომ გვექნება შესაბამისი რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რაღაც ქმედითი ზომები არ იქნება მიღებული და ჩვენ ვერ შევძლებთ ხელშესახები გამოსავლის მოძებნას ამ თვალსაზრისით, დავდგებით იმის წინაშე, რომ ალბათ მომავალი, მაისის თვიდან უკვე ვეღარ შევძლებთ ოპერირების განხორციელებას. იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ საწარმოო პროცესი, რაც თანმდევი ნეგატიური შედეგებით დასრულდება. ჩვენს საწარმოში დასაქმებულია 100-მდე ადამიანი და მიმდინარე ვალდებულებებს ვეღარ მოვემსახურებით. მინდა აქვე განვმარტო, რომ ბიზნესს თავისი ვალდებულებები გააჩნია, მათ შორის საბანკო კრედიტების თვალსაზრისით და ამ ყველაფრის მომსახურება რეალურად შეუძლებელი გახდება”, - განაცხადა ილია გოგსაძემ.




























