რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. თავიდან ბოლომდე მზად ვართ, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ბოლო 3-4 წლის პერიოდში ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან იყო გაფუჭებული, შესაბამისად, ამ ურთიერთობებს გადატვირთვა სჭირდება.
„თქვენ იცით, რომ გასული 3-4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ამ ურთიერთობებს გადატვირთვა ესაჭიროება. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისთვის, მთავარია, რომ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ. როგორც კი შემხვედრი ნაბიჯები გადმოიდგმება, მაშინვე მოხდება ამ ურთიერთობებში გარდატეხა“, - განაცხადა კობახიძემ.
მედიის წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერს ჰკითხა, იყო თუ არა ე.წ. მეგობარი აქტი შემხვედრი ნაბიჯი, რაზედაც კობახიძემ განაცხადა, რომ "მეგობარი აქტი" არ შეიძლება შანტაჟს შეიცავდეს.
„სინამდვილეში თუ ნახავთ ამ აქტის შინაარსს, ეს არის არა "მეგობარი აქტი", არამედ ეს არის "დაუძინებელი მეგობარი აქტი" - ასე უნდა ერქვას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს აქტი შანტაჟს შეიცავს. თქვენ ეტყობა ეს აქტი არ წაგიკითხავთ. არ შეიძლება აქტს დაარქვა „მეგობარი აქტი“ და ამ აქტის მთავარ მიზნად, შანტაჟი აქციო. თავისთავად, ეს არ არის ნაბიჯი, რომელიც ურთიერთობების გადატვირთვას ხელს შეუწყობს.
თქვენ გახსოვთ, წინა ელჩის, [კელი დეგნანი] ქმედებები, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააფუჭა ურთიერთობებში. ასეთ ფონზე ჩვენ გვჭირდება რეალური ქმედითი ნაბიჯები, იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს“,-ამბობს კობახიძე.