აქტივების მმართველი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლარი ფინკის შეფასებით, თუკი ირანზე მიმდინარე აშშ-ისრაელის დარტყმების ფონზე ნავთობის ფასი ბარელზე 150 დოლარს მიაღწევს, გლობალური რეცესია დაიწყება.
BBC-სთან ინტერვიუში ლარი ფინკმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტის გრძელვადიანი შედეგების განსაზღვრა ჯერ "ძალიან ნაადრევია".
"ჩემი აზრით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ შუალედური გამოსავალი არ იარსებებს; შედეგი ორი უკიდურესობიდან ერთ-ერთი იქნება", - თქვა მან.
ფინკის თქმით, ამ სამხედრო ოპერაციების დასრულების შემდეგ, ირანი შესაძლოა გლობალურ სავაჭრო საზოგადოებაში დააბრუნონ, რის შედეგადაც ირანული ნავთობი ბაზარზე დაბრუნდება და გლობალურ ენერგეტიკულ ფასებს დაასტაბილურებს. ალტერნატიულ შემთხვევაში, თეირანი რეგიონში "საფრთხედ დარჩება", რაც "წლების განმავლობაში ნავთობზე 100 დოლარზე მაღალ, 150 დოლართან მიახლოებულ ფასს“ ნიშნავს.
BlackRock-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს უკანასკნელი სცენარი ეკონომიკაზე უდიდეს გავლენას იქონიებს.
"40-დოლარიანი ნავთობი სიუხვესა და ზრდას ნიშნავს, ხოლო მეორე ვარიანტი, სავარაუდოდ, მკაცრი და ღრმა რეცესიის მომტანია", - აღნიშნა ფინკმა.
გლობალური ენერგეტიკული ტარიფები მკვეთრად მას შემდეგ გაიზარდა, რაც ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზებსა და ენერგიის მწარმოებელ ობიექტებზე საპასუხო იერიშები მიიტანა, რითაც ფაქტობრივად ჩაკეტა ნავთობით ვაჭრობის მთავარი დერეფანი - ჰორმუზის სრუტე.
ოთხშაბათს ბრენტის (Brent) ნედლი ნავთობით ვაჭრობა ბარელზე დაახლოებით 103 დოლარად მიმდინარეობდა, ხოლო ამერიკული ეტალონის, WTI-ის ფასი დაახლოებით 91 დოლარს შეადგენდა.
ფინკის კომენტარებს ეხმიანება United Airlines-ის აღმასრულებელი დირექტორის, სკოტ კირბის მსგავსი გაფრთხილებაც, რომელმაც სამშაბათს CNBC-ს განუცხადა, რომ ირან-აშშ-ის კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მაღალი ენერგეტიკული ფასები, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც შენარჩუნდება.
"ვფიქრობ, თუ დავაკვირდებით, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და რამდენი დრო დასჭირდება აღდგენას მას შემდეგაც კი, რაც ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, ეს გონივრული დაშვებაა, ამიტომ გვინდა, რომ მსგავსი სცენარისთვის მოვემზადოთ", - განუცხადა კირბიმ CNBC-ის ჟურნალისტს, ფილ ლებოს.
კირბიმ აღნიშნა, რომ ავიაკომპანია გეგმავს ფრენების შემცირებას, რათა კონფლიქტის მიმდინარე ეკონომიკურ შედეგებს მომზადებული შეხვდეს.




























