მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ ომი გაგრძელდება, სასტუმროებისთვის ქონების გადასახადის გადავადების საჭიროება დადგება - „ინნ ჯგუფი"

პაატა კოკაია

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრაზე ბიზნესმა რამდენიმე საკითხი დააყენა.

როგორც BMG-სთან „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, პაატა კოკაიამ განაცხადა, სასტუმროების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ თუკი ახლო აღმოსავლეთში ომი გაგრძელდება, დღის წესრიგში ქონების გადასახადის გადავადების საჭიროება დადგება.

როგორც პაატა კოკაია ამბობს, მხოლოდ მათ ჯგუფს ივნისში ქონების გადასახადის სახით მილიონი ლარის გადახდა უწევს.

„ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ბიზნესის მხრიდან შეხვედრაზე ასევე დადგა გუდაურში საბაგიებზე ფასის შემცირების საკითხი, რაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მალევე დააკმაყოფილა.

“ძალიან კარგი სასრიალო სეზონი არის გუდაურში, თუმცაღა ხალხი არ გვყავს და [ტურიზმის ადმინისტრაციას] ვთხოვეთ, რომ საბაგიროზე იქნებ ფასი გაენახევრებინათ და ზუსტად ერთ დღეში დააკმაყოფილეს ჩვენი თხოვნა და დღეიდან საბაგიროზე ფასი განახევრებულია. ანუ ტურისტები, რომლებიც ამოვლენ გუდაურში, განახევრებული ფასით ისრიალებენ ჩვენს საბაგიროებზე. ერთ დღეში მოახერხეს ამ საკითხის გადაწყვეტა.

მეორე საკითხი, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაყენეთ ქონების გადასახადი, რომლის [გადახდაც] ივნისში გვიწევს და მოგვცეს ასეთი პირობა, რომ თუ გაგრძელდება ეს ომი, აუცილებლად დააყენებენ ამ საკითხს ივნისში ქონების გადასახადის გადახედვასთან დაკავშირებით, როგორც იყო კოვიდის პერიოდში.

ტურიზმს ისედაც უჭირს და წარმოიდგინეთ თითოეულ სასტუმროს 100 000 ლარზე მეტი მარტო ქონების გადასახადი მოუწევს. ჩვენს ჯგუფს დაახლოებით მილიონამდე უწევს ქონების გადასახადი. რა თქმა უნდა, დავაყენეთ ეს საკითხი და ძალიან კარგი იქნება თუ გაითვალისწინებენ. თუმცაღა ჯერჯერობით ამ ეტაპზე ადრეა ამაზე საუბარი და აუცილებლად დამპირდა ქალბატონი მაია [ომიაძე] რომ როდესაც მოვა ივნისი და თუ გაგრძელდა ეს ომი, აუცილებლად დააყენებენ ამ საკითხს [მთავრობასთან].

თუკი ეს ომი გაგრძელდება, ძალიან დაგვეხმარება თუ ქონების გადასახადი გადაგვივადდება ან გაგვიუქმდება ერთი წლით მაინც იმ პერიოდში სანამ ომი იქნება”, - განაცხადა პაატა კოკაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები