საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალი ამ დროისთვის 3 030 დოლარის ფარგლებში ივაჭრება, რაც ბოლო ერთ წელში თითქმის 40%-ით გაძვირებული მაჩვენებელია.
გლობალურად ოქროს გაძვირება აისახება ქართულ ბაზარზეც. კომპანია „ზარაფხანაში“ აცხადებენ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მათ შესასყიდი 1 გრამი ოქროს ფასი 22 ლარით გაუძვირდათ.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი BMG-სთან აცხადებს, მათ ჯერჯერობით ოქროს ნაკეთობებზე ფასები არ შეუცვლიათ, თუმცა მეტალის გაძვირების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ფასების ზრდა მოუწევთ.
„დღეის მდგომარეობით, სუფთა ოქრო 266 ლარი ღირს, დეკემბრიდან დაახლოებით 22 ლარითაა გაძვირებული შესასყიდი მეტალის ფასი ერთ გრამზე და მოლოდინია, რომ შესაძლოა, 30 ლარზე ავიდეს უახლოეს დღეებში. ოქროს გაძვირების მიუხედავად, ბოლო 8 თვის განმავლობაში ჩვენს კომპანიას არცერთი თეთრით არ გაუძვირებია პროდუქცია. რაც შეეხება მოლოდინებს, გაძვირდება თუ არა „ზარაფხანას“ ნაკეთობები მომავალში, თუ ოქროს ფასი ზრდას გააგრძელებს, იძულებულები ვიქნებით, რომ ფასი გავზარდოთ. რადგან კომპანიას არსებობისთვის სახსრები სჭირდება. დაახლოებით 3200 დოლარი უნციაზე ის ნიშნული, როდესაც „ზარაფხანა“ იძულებული იქნება პროდუქცია გააძვიროს“, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.
ცნობისთვის, ოქროსთან ერთად საერთაშორისო ბირჟაზე იზრდება ვერცხლის ფასიც. ამ ეტაპზე ვერცხლი 34 დოლარად ივაჭრება, რაც წლიურად 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.