BDO საქართველოს მმართველი პარტნიორის შეფასებით, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესება დასავლური კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის ნეგატიური სიგნალია.
როგორც ზურაბ ლალაზაშვილმა BMG-ის განუცხადა, თუკი პროცესები ასე გაგრძელდება, საქართველო ყველა დასავლელი მოკავშირისგან იზოლირებული აღმოჩნდება.
„იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობები ძალიან გაგვიფუჭდა, აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, ეს იქაური კომპანიებისთვის სიგნალია, რომ საქართველოში რაღაც კარგი არ ხდება. თუ ეს პროცესები ასე გაგრძელდება, ჩვენ ყველა მოკავშირისგან იზოლირებული აღმოვჩნდებით. ამ შემთხვევაში, თუ მათგან იზოლირებულები ვიქნებით, ერთადერთი რუსეთი გვრჩება. საბოლოო ჯამში ჩვენი ეკონომიკა, კომპანიები, საზოგადოება მიბმული იქნება იმ სივრცესთან და გარემოსთან, რასაც რუსეთი გვთავაზობს, რაც მიუღებელია.
ერთადერთი ვინც გვაქებს, ეს რუსი პროპაგანდისტები და ოფიციალური პირები არიან, ვინც საქართველოს უდიდეს ნაწილს მტრად მიაჩნია, მხოლოდ ისინი გვაქებენ. ვინც ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერები, მეგობრები არიან, ყველა გვაკრიტიკებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც არასწორი გზით ვითარდება და რაღაც ფუნდამენტურადაა შესაცვლელი“, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.