მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ რაღაცები არ გამოსწორდება უვიზოს შეჩერება გარდაუვალია, ამ რეჟიმის პირობებში კი გამოსწორების ნიშნები არ არსებობს - კაპანაძე

კაპანაძე

“საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ “ოცნებამ” ქართველი ხალხი მძევლად აიყვანა, მიზნობრივ სანქციებს უნგრეთს აბლოკინებს, ევროკავშირს კი სხვა ინსტრუმენტს უვიზო რეჟიმის გაუქმების გარდა, არ უტოვებს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას განაცხადა.

“ევროკავშირი ჯერ კიდევ შარშანდელ პრობლემაზე ლაპარაკობს და ამ ახალზე არც არის საუბარი. იმის გამო, რომ შარშანდელი გამოსწორებული არაფერი არ არის, მას ჩვეულებრივი პროცედურა აქვს რომ ამას უვიზო რეჟიმის შეჩერება მოაყოლოს. ნათელი იყო რომ აქამდე მივიდოდით. დემოკრატიის კუთხით წელს სულ რომ არაფერი გაფუჭებულიყო, მხოლოდ შარშანდელი იყო ამისთვის საკმარისი. ბევრი იფიქრა ევროკავშირმა, უამრავჯერ გააფრთხილა, ახლა ამბობს, რომ თუ ამას არ გააკეთებთ სხვა გზა არ რჩება გარდა იმისა, რომ უვიზო შეგიჩეროთო. ამიტომ სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გვითქვამს ევროკავშირისთვის ეს არ გაეკეთებინა, ჩემი აზრით, რაღაც ეტაპზე, რაღაცები თუ არ გამოსწორდება უვიზო რეჟიმის შეჩერება გარდაუვალია. ამ რეჟიმის პირობებში გამოსწორების არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს", - აცხადებს სერგი კაპანაძე.

გასულ კვირაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შენარჩუნების სანაცვლოდ, საქართველოს მთავრობას გარკვეული პირობების შესრულებას სთხოვს.

“საქართველოს გავუგზავნით წერილს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ასე რომ მათ ექნებათ გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებაც მოუწევთ და თუ ამ ვადაში ეს პირობები არ შესრულდა, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა.

მთავრობისთვის გამოგზავნილი წერილი ვიზალიბერალიზაციის 2024 წლის დეკემბრის ანგარიშის შესაბამისად, ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს 8 რეკომენდაციის შესრულებას. მათ შორის ევროკავშირი “ქართული ოცნებისგან” ითხოვს ფუნდამენტური უფლებების დაცვას, ასევე ე.წ რუსული კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები