„თუ რამენაირად შეიძლება, საქართველო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის რადარზე მოხვდეს, მხოლოდ და მხოლოდ ანაკლიის პორტის თემით,” - ასე ეხმაურება საერთაშორისო ბიზნესის და სამართლის საკითხებში ექსპერტი ზვიად სხვიტარიძე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ოცნების“ პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ვიზიტს აშშ-ში.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში „ოცნების“ მთავრობის პირველმა ვიცე-პრემიერმა არაერთი შეხვედრა გამართა, მათ შორის მსოფლიო ბანკში, IMF-ში, IFC-ში და ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლშიც, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზებში ანაკლიის პორტის პროექტი ნახსენები არ იყო.
„შეიძლება, „ოცნების“ მთავრობისთვის აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში ანაკლიის პორტი პროექტი ვაჭრობის საგანი გახდეს?“ - ჰკითხა „წერტილის“ წამყვანმა ზვიად სხვიტარიძეს, რადგან კარგადაა ცნობილი, ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ჩინეთთან, რომელიც შესაძლოა, ანაკლიის პორტის ინვესტორი გახდეს ჩინური კონსორციუმის CCCC-ის სახით.
„რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი აშშ-საქართველოს ურთიერთობების კუთხით, ჩინური გავლენების ნაწილში. შავი ზღვის ინტერესი აშშ-ის ყოველთვის ჰქონდა რეგიონში და განსაკუთრებით ახლა, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ეს ცალსახაა“, - ამბობს ექსპერტი, თუმცა ზვიად სხვიტარიძეს ეჭვი ეპარება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც დასავლეთში ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას მოახერხებს.
„წერტილთან“ ინტერვიუში ზვიად სხვიტარიძემ, ასევე, შეაფასა ლევან დავითაშვილის ვიზიტი აშშ-ში. „ჩათვალეთ, სახელმწიფო დეპარტმენტსა და თეთრ სახლში [დავითაშვილის] არანაირი ოფიციალური ვიზიტი არ ყოფილა“, - ამბობს ის და მთავარ არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ შეხვედრების შესახებ ამერიკულ მხარეს არც პროტოკოლური ფოტო გაუვრცელებია, არც - პრესრელიზი და არც განცხადება გაკეთებულა.




























