"ეკონომისტ რამაზ გერლიანის აზრით, საქართველოს ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შემცირება შეეძლო, თუმცა სების მონეტარული პოლიტიკა ფრთხილია", - ამის შესახებ ეკონომისტმა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.
"შეიძლება, განსხვავებულად ვუყურებ რეფინანსირების განაკვეთს; მიმაჩნია, რომ იგივე დონეზე არ უნდა დაეტოვებინათ. ცოტა წინააღმდეგობაშიც მოდის განცხადებასთან, რომ ინფლაციის სტაბილურობას ელიან და მიზნობრივ ნიშნულზე შენარჩუნდება. ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ არ უნდა აერიდებინათ თავი რეფინანსირების განაკვეთის კლებისთვის, რომელიც, თუ არ ჩავთვლით 2024 წლის ბოლოს, ზუსტად იგივე ნიშნულზე იდგა მთელი წლის განმავლობაში.
ფრთხილ პოლიტიკას დავარქმევდი, თუმცა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რეფინანსირების განაკვეთით შეიძლება ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიო, გრძელვადიან პერიოდში მით უმეტეს. მიმაჩნია, რომ თუ [რეფინანსირების განაკვეთი] მაღალია, ფასთა ზრდის მიზეზი [უფრო] ხდება, ვიდრე მისი მომთოკველი ფაქტორი. უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადაედგათ, უფრო ადრეც კი, და შესაბამისად, უნდა დაეწიათ რეფინანსირების განაკვეთი", - განაცხადა გერლიანმა BMG-სთან.
ეკონომისტმა "ანალიტიკას" ეთერში ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ იძლევა მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზირების საშუალებას. გერლიანმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა "ოცნების" მთავრობის მიერ სტატისტიკის დათვლის მეთოდიც.
"ამ მიმართულებით აზრთა სხვადასხვაობა არის. რეალური მონაცემები, რაც სახეზე გვაქვს, დაწყებული მოხმარებიდან, გაგრძელებული ინვესტიციებით, სახელმწიფო შესყიდვებით და იმპორტ-ესქპორტს შორის სხვაობით, ტენდენცია არ იძლევა საშუალებას ვთქვათ, რომ აუცილებლად ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნებაო.
ყოველთვის ვაკრიტიკებ ერთნიშნა ეკონომიკურ ზრდას საქართველოსთვის. ამ შემთხვევაში იქამდეც მივედით, კითხვას აქვს არსებობის უფლება - რამდენად სწორედ აწარმოვეს სტატისტიკა? რადგან ჩაშლილი სტატისტიკა არ გვაქვს და საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ გარკვეული გადახრაა, რაც, ზოგადად დაშვებულია ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დროს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში უფრო მაღალია ეს გადახრა. ვინაიდან საგადასახადო ნაწილში არ გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა, ინვესტიციებში გვაქვს ვარდნა, იმპორტ-ექსპორტში უარყოფითი სალდო გაიზარდა - შესაბამისად, საიდანაა ეკონომიკური ზრდა?" - აცხადებს რამაზ გერლიანი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 7 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის თანახმად, აპრილის მდგომარეობით წლიურმა ინფლაციამ 3.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.3 პროცენტი იყო.
ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.7%-მდე გაზარდა. აქამდე სებ-ი წელს ქვეყანაში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. შესაბამისად, განახლებული პროგნოზით, სებ-ი უფრო მაღალ ზრდას მოელის ვიდრე საქართველოს მთავრობა, რადგანაც 2025 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი.




























