"თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და ეროვნული ბანკის რეზერვები ამ ტემპით გააგრძელებს შემცირებას, ჩვენ დავდგებით ძალიან დიდი მაკროეკონომიკური კრიზისის წინაშე,"- განაცხადა საქართველოს ექს-პრემიერმა ნიკა გილაურმა გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში.
"ავიღეთ სტატისტიკა რაც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა და მივხვდით რომ ეს არის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი რაც კი სებ-ს ჰქონია რეზერვების შემცირების კუთხით. $627 მილიონი დოლარი სებ-ს არცერთ კონკრეტულ თვეს არ დაუხარჯავს, იმის მიუხედავად რომ გამოვიარეთ რუსეთთან ომი, გამოვიარეთ კოვიდი, გამოვიარეთ სხვა ტიპის ეკონომიკური კრიზისები, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ამ 30 წლის განმავლობაში არცერთ ერთ თვეს არ დაუხარჯავს სებ-ს ამ ზომის რეზერვები. თუ ავიღებთ ორ თვეს, სექტემბერსა და ოქტომბერს ჯამში 750 მილიონი დოლარის რეზერვის შემცირება გამოდის. 4.8 მილიარდი დოლარიდან 4.1 მილიარდ დოლარამდე.
ორი თვის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვები 15-16%-ით შემცირდა. ასეთი ტიპის დაჭერა შესაძლებელია თუ სებ-ი თვლის რომ ეს არის მცირევადიანი მერყეობა, ან სეზონური მოთხოვნა მიწოდების დისბალანსი, რომელიც გასწორდება. ფაქტია რომ ჩვენ აღარ ვართ მოკლევადიანი მერყეობის პოზიციაში და აშკარაა რომ კურსი ეძებს ახალ წონასწორობის ნიშნულს.
დაახლოებით ერთ თვეში ან თვე ნახევარში სებ-ს მოუწევს კურსის გაშვება, შესაბამისად ახალ წონასწორობას იპოვის კურსი და გამოჩნდება რომ სებ-ი უბრალოდ ტყუილუბრალოდ ხარჯავდა ამ რეზერვებს იმის მაგივრად რომ მიეშვა და ახალი წონასწორული ნიშანი ეპოვა,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.
შეგახსენებთ, 2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა. სულ ოქტომბრის განმავლობაში სებ-მა 543 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენციები განახორციელა.