მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუ სადა შეფუთვის რეგულაცია არ გადავადდა 1 იანვრიდან ბაზარზე თამბაქო აღარ იქნება" - JTI

6363d688ef093
ანუკა ჯოხაძე
03.11.22 22:40
1161
თამბაქოს ინდუსტრია 1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმის სადა, სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციის გადავადებას ითხოვს. შესაბამისი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც მოამზადეს, თუმცა ჯერ ამ მიმართულებით პროცესები არ დაძრულა. თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგულაციის ამოქმედება ბაზრიდან თამბაქოს ნაწარმს გააქრობს, რადგან ბიზნესი 2 თვეში პროცესების გადაწყობას, იმ პირობებში როცა რუსეთი-უკრაინის ომი მიმდინარეობს ვერ მოახერხებს.

JTI-ს კორპორაციულმა დირექტორმა ივა ხასიამ BM.GE-თან განაცხადა, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს სტანდარტიზებული, სადა შეფუთვის რეგულაციის ამოქმედებამ შესაძლოა ბაზარზე თამბაქოს ნაწარმის დეფიციტი გამოიწვიოს. 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ რეგულაციის გადავადება არ მოხდება ბიზნესი დღეს არსებული გამოწვევების ფონზე პროცესების გადაწყობას ვერ შეძლებს.

“ტექნიკური რეგლამენტი მიიღეს ისე, რომ სექტორთან, ვინც ტექნიკური რეგლამენტით უნდა იხელმძღვანელოს კონსულტაციები არ ყოფილა. ერთი შეხვედრაც არ გამართულა. ისეთი სიტუაციაში ვართ, რომ თუ გადავადება არ მოხდება პროდუქტი ბაზარზე არ იქნება. 1 იანვრიდან ახალი შეფუთვით პროდუქტს ვერ შემოვიტანთ, ეს ბაზრიდან ოფიციალური პროდუქტის გაქრობას გამოიწვევს. ბიუჯეტში აქციზიდან რა გადასახადიც უნდა შესულიყო ვერ შევა. ასევე ეს გამოიწვევს ავტომატურ რეჟიმში კონტრაბანდის ზრდას. დღეს უხეშად, რომ ვთქვათ თუ 10%-მდეა კონტრაბანდა, ეს შეიძლება გაორმაგდეს და გასამმაგდეს კიდეც", - აცხადებს JTI-ის კორპორაციული დირექტორი ივა ხასია.

ცნობისთვის: რუსეთ-უკრაინის ომის ნეგატიური გავლენების გადასაზღვევად, რეგულაცია, რომელიც თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვაზე გადასვლას გულისხმობს, შესაძლოა გადავადდეს. შესაბამის ცვლილებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს.

დოკუმენტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ გადავადება უკრაინაში არსებულ ომს უკავშირდება, რადგანაც საქართველოსთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის 80%-ზე მეტი სწორედ უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ საქმიანობა ფაქტობრივად შეაჩერეს და თამბაქოს იმპორტიორებს საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების გადაწყობა მოუწიათ.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ გადაწყობას და ძველი სიმძლავრეების აღდგენას 12-დან 24 თვემდე დასჭირდება, რის გამოც ამ პერიოდში ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმი შეფუთვის არსებული მოდელით უნდა გაიყიდოს. კანონპროექტი ამ ნორმის ამოქმედებას 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2024 წლის 31 დეკემბრიდან ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები