ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში განიხილავენ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5, ანუ არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება.
საკითხის განხილვისას განცხადება გააკეთა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. ის მიიჩნევს, რომ დეპუტატს იმუნიტეტი საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს.
„მე პირადად განვიცადე და განვიცდი პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რომელიც ჩემი და ბადრი ჯაფარიძის საქმეზეა. ამიტომ, ახლავე ვაცხადებ, რომ არანაირი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ. ჩვენ ყველამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური პროკურატურა, ნორმალური, საერთაშორისო დონის სასამართლო და დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს იმუნიტეტი, რომ დაიცვას თავი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტი არ უნდა იყოს ადგილი, სადაც შეიძლება, მართლმსაჯულებას დაემალო.
„ვაცხადებ, მე ვიქნები პირველი, რომ ხვალ თუ ეს საკითხი დადგა, არანაირი კენჭისყრა, არანაირი 90 ან 100 ხმა არ მჭირდება, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძე და ამ უსამართლო მართლმსაჯულების წინაშე წარვსდგები, რადგან სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს და თქვენც მოგიწოდებთ, ვიფიქროთ სასამართლოს, პროკურატურის გაუმჯობესებაზე და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბებაზე“, - განაცხადა ხაზარაძემ.




























