"საკურიერო სექტორში უცხოელი მუშახელის აკრძალვა მომსახურებას გააძვირებს", - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში „წიწილას“ თანადამფუძნებელმა რატი წვერავამ ისაუბრა.
მისი თქმით, მცირე და საშუალო სწრაფი კვების ობიექტები, რომლებიც საკურიერო კომპანიებზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული და საკომისიოს სახით უკვე 20%-დან 35%-მდე იხდიან, ახალი რეგულაციის პირობებში კი პროდუქციის გაძვირება გარდაუვალი გახდება.
„ჩემი აზრით, ეს საკითხი ორ მიმართულებად უნდა გაიყოს. ერთი მხრივ, ეს არის მომხმარებლის ინტერესები. ბოლო პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა საკურიერო კომპანიებისგან ქართულ ენაზე მომსახურების მიღება, ამიტომ ამ კუთხით ეს გადაწყვეტილება შეიძლება დადებითად შეფასდეს. თუმცა, ნებისმიერ დადებით ცვლილებას თან ახლავს უარყოფითი მხარეებიც.
დღეს მცირე და საშუალო სწრაფი კვების ობიექტები დიდწილად არიან დამოკიდებული საკურიერო კომპანიებზე — მათი გაყიდვების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ არხიდან მოდის. საკურიერო კომპანიების საკომისიო უკვე მაღალია და საშუალოდ 20%-დან 35%-მდე მერყეობს, რაც ობიექტებს აიძულებს, პროდუქცია მაღალი მარჟით გაყიდონ. თუ საკურიერო კომპანიებს მომსახურების ხარჯი გაეზრდებათ, სავარაუდოდ, გაიზრდება მათი საკომისიოც, რაც საბოლოოდ ფასების ზრდას გამოიწვევს და განსაკუთრებით მძიმე გავლენას მოახდენს მცირე და ახალბედა სწრაფი კვების ობიექტებზე.
მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია კურიერების დეფიციტიც, რადგან იაფი მუშახელის შემცირება დროებით შექმნის კადრების ნაკლებობას და შეკვეთების შესრულებაც შეფერხდება. თუმცა ეს პრობლემა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ნაწილობრივ დარეგულირდეს, რადგან ადგილობრივ კურიერებში ამ სფეროს მიმართ ინტერესი არსებობს.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ჩემი აზრით, ეს ცვლილება მაინც უარყოფითად აისახება მომხმარებელზე, რადგან გაზრდილი ხარჯები საბოლოოდ პროდუქციის ფასზე აისახება. შედეგად, ყველაზე დიდი ზეწოლა სწორედ სწრაფი კვების ობიექტებზე გადავა, რომლებიც საკურიერო მომსახურებაზე ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული,“ - განაცხადა „წიწილას“ თანადამფუძნებელმა რატი წვერავამ.
მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს, რომელსაც სურს იმუშაოს კურიერად, მძღოლად ან სხვა ტიპის მომსახურების სფეროში „შრომითი საქმიანობის უფლება“ ესაჭიროება.ამ უფლების გაცემაზე პასუხისმგებელია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. თუმცა, მთავრობამ გამოიყენა კვოტირების მექანიზმი და რამდენიმე პოპულარულ სფეროში კვოტა ნულოვანია.
ეს არის საკურიერო მომსახურება, მგზავრების გადაყვანა და გიდების სერვისი, შესაბამისად ამ კატეგორიაში ნებართვის მოპოვება სამართლებრივად შეუძლებელი ხდება.
კანონში არსებობს მე-5 მუხლის ზ პუნქტი, რომელიც მაღალკვალიფიციურ კადრებს (რომელთა ხელფასი 15 000 ლარს აღემატება) ბარიერების გარეშე მუშაობის საშუალებას აძლევს. მათთვის, ვინც უკვე მუშაობს საქართველოში, დაწესდა გარდამავალი პერიოდი თვითდასაქმებულები (კურიერები/მძღოლები): აღსრულების მექანიზმი მათზე 2026 წლის 1 მაისიდან გავრცელდება.რეგისტრირებული იმიგრანტები: მათ, ვინც უკვე ბაზაშია, სტატუსის მოსაწესრიგებლად ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე მიეცათ. რაც შეეხება მომსახურების საფასურს, იმ სფეროებში, სადაც კვოტა დაშვებულია (მაგალითად, სამთო გამყოლები - 200 კაცი), მომსახურება ფასიანია: სტანდარტული განხილვა რაც 30 დღეს მოიცავს - 200 ლარი; დაჩქარებული განხილვა 10-დღიანი ვადით კი 400 ლარი ღირს.




























