ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამოსცა ბრძანება, რომელიც აწესებს 10,000 ლარის ფულად კომპენსაციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა (ოჯახების, მემკვიდრეების) მიმართ, თუკი ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს COVID-19-ით დაინფიცირდებიან და მათი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდება.
"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უფლებამოსილია, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრე) გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით", - ნათქვამია ეკატერინე ტიკარაძის მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებაში.
საკანონმდებლო მაცნეზე ბრძანება დღეს, 9 ნოემბერს გამოქვეყნდა, თუმცა ის პირველი ოქტომბრის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2,927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში კი 24 ადამიანი გარდაიცვალა.




























