"თუ ამ ადამიანს იმის სითამამე ეყო, რომ კანონი დაერღვია და პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე შესულიყო, იმის სითამამეც ეყოს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას.
"ცხოვრება არ არის თვითმომსახურების მაღაზია, სადაც რასაც გინდა აიღებ და რასაც გინდა არ აიღებ. მით უფრო, როდესაც ადამიანებს გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. როდესაც მიდიხარ რაღაც ნაბიჯზე, კეთილი უნდა ინებო და სითამამეც უნდა გქონდეს, რომ მიიღო პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით...
ყველას აქვს რაღაც პროფესია, დამნაშავეებსაც აქვთ პროფესია, ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც. პროფესიული მიზნით დისკრიმინაცია და იმის გარჩევა, რომ უმუშევარი დავიჭიროთ და არაუმუშევარი არ დავიჭიროთ, ვერ მოხდება - გაუგებარია ეს რა მორალია", - ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, 9 ოქტომბერს თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს 71 წლის ექიმი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი. მისი დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება. 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის 45 პირია დაკავებული.




























