"რუსთაველზე ვდგავარ ჩემს სინდისთან და ჩემს მეგობრებთან ერთად, რადგან მიუღებელია ის, რასაც ვხედავ“ - ასე ხსნის საკუთარ პოზიციას ბიზნესმენი რესან ქიქავა BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში. მისივე აზრით, რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტი აქციები არ არის პოლიტიკური პლატფორმა, არამედ სამოქალაქო მოძრაობაა, სადაც მოქალაქეები თავიანთ სინდისთან და პასუხისმგებლობასთან დგანან - ქვეყნის მდგომარეობით უკმაყოფილებას ძალადობისგან თავისუფალი პროტესტით გამოხატავენ უკმაყოფილებას. ინტერვიუში რესან ქიქავამ 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის შეიძლება შეფასდეს როგორც საბოტაჟი — მცდელობა, შებღალოს და დააკნინოს ერთადერთი თავისუფალი საპროტესტო სივრცე, რომელიც საზოგადოებას დარჩა.
- „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას“, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი, ამტკიცებს, რომ საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს. თქვენ რატომ დგახართ რუსთაველზე?
- ვფიქრობ, ძალიან კარგად იციან, კონკრეტული ადამიანი იქ რისთვის დგას; რუსთაველზე ძალიან ჭრელი საზოგადოებაა... მე ვდგავარ ჩემს სინდისთან და ასევე, რა თქმა უნდა, ჩემს მეგობრებთან ერთად; ვდგავარ იმიტომ, რომ ჩემთვის უბრალოდ მიუღებელია ის, რასაც ვხედავ - ჩემთვის ეს არის ტყვეობაში მყოფი სახელმწიფო და მოქალაქეები კონკრეტული ერთი ადამიანის ან რაღაც ადამიანთა ჯგუფის, ან ჩვენი მტერი სახელმწიფოს დავალებით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. [მათი] ინტერესის ტყვეობაში ვართ. დღეს, ფაქტობრივად, ჩვენ არ გვაქვს კონსტიტუცია ან როგორც საჭირო იქნება, ისე შეიცვლება; არ გვაქვს არცერთი თავისუფალი ინსტიტუტი, რომელმაც შეიძლება დაგვიცვას. უფრო მეტიც, აღარ გვყავს არცერთი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელთანაც ადრე რაღაც ვალდებულება გვქონდა და [ანგარიშს ვუწევდით]. ფაქტობრივად, აბსოლუტურად დაუცველები და კეთილი ნების ამარა ვართ. ეს კეთილი ნება დღეს ასეთია, ხვალ იქნება განსხვავებული, ზეგ კიდევ უფრო განსხვავებული... ძალიან კარგად ვიცით, რასთანაც გვაქვს საქმე; ცხადია, დეტალები არ ვიცი, მაგრამ კონცეპტუალურად რასთან მაქვს საქმე, ვიცი...
- 2025 წლის დასაწყისში, BMG-თან ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით: „ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე, თორემ რამდენი ხელისუფლებაც არ უნდა ვცვალოთ, ყოველთვის ერთსა და იმავეს მივიღებთ“... რამდენად მარტივია დღევანდელ საქართველოში ხმამაღლა საუბარი?
- გასაგებია, რომ სულ უფრო რთულდება, რადგან ვიცით, როგორ ვითარდებიან სხვა დიქტატურები და ავტოკრატიები. ეს ვიცით როგორც ისტორიიდან, ისე - აწმყოდანაც. შეგვიძლია გადავხედოთ სხვა ქვეყნებს და ვნახოთ, როგორ მიმდინარეობდა იქ მოვლენები. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო რთულდება ვითარება და მაღალი რისკის მატარებელი ხდება. სამწუხაროდ, ჩვენთან ამ პროცესების მიმართ საზოგადოებრივი რეაქცია თითქოს დაჩლუნგებულია იმ ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს. ქართველები იმდენად მივეჩვიეთ, რომ უგვანი, მათ შორის მოძალადე და კონსტიტუციიდან გასული სახელმწიფო შეიძლება გვქონდეს, ეს ჩვენთვის თითქოს ნორმად იქცა. შედეგად, ადამიანებს აღარ აქვთ არც განცვიფრება, არც აღშფოთება და არც პროტესტის განცდა. გაჩნდა ნიჰილისტური განწყობა — თითქოს ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, არაფერი შეიცვლება. და მართლაც, ყოველთვის ასე იქნება, თუ სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეყანაში არ შედგება. თუ არ ვისწავლით სოლიდარობას და ერთად დგომას, არაფერი გვეშველება. რამდენი მთავრობაც არ უნდა შეიცვალოს, ძალაუფლებას რომ მოიპოვებს, ყოველთვის ეცდება მის სრული კონსოლიდაციას - სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურებით და მათი თავის ხელქვეითად ქცევით, ეს გარდაუვალია. ერთადერთი შემაკავებელი მექანიზმი ყველგან არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ზუსტად იქ უნდა იდგეს, სადაც საჭიროა. ჩვენთან კი, სამოქალაქო საზოგადოება სუსტი რომ იყო, ამიტომ გვქონდა იმედი დასავლური ინსტიტუტების - ვფიქრობდით, რომ მათი დახმარებით ჩვენი ინსტიტუტები გაძლიერდებოდა და მივიღებდით ისეთ გარემოს, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სამართლიანი, მდგრადი და გრძელვადიანი ბიზნესის წარმოება. ვიცოდით, რომ დასავლეთისგან ინვესტიციებისა და გამოცდილების მიღებით ჩვენ ვერ დავეწეოდით მათ ტემპებს, მაგრამ მაინც გვქონდა იმედი, რომ მათთან თანამშრომლობით ამას შევძლებდით. ახლა კი, ეს იმედიც ჩაგვიჭრეს...
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში მორიგი ცვლილებები შედის და შეკრების მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე...
- შეიძლება ეს 15 დღე ხვალ 15 წლად გადაიქცეს. შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ყველა ქერა თმით მონაწილე დააჯარიმონ 35,000 ლარით, შავგვრემნები - 100,000 დოლარით. ჩვენ ხომ ვიცით, როგორია ჩრდილოეთ კორეა - ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც ყველაფერი ერთ ადამიანზე ან პატარა ჯგუფზეა დამოკიდებული. იქ არც კანონი არსებობს, არც კონსტიტუცია, არც სასამართლო, არც პროკურატურა - არცერთი ინსტიტუტი, რომელიც დააბალანსებს ძალაუფლებას.




























