მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ "თეთრი სია" სრულად გაუქმდება, ბევრი კვალიფიციური კომპანია პროექტებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას - "ინსი"

ზვიად თოიძე

კომპანია “ინსის” დირექტორი ზვიად თოიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ტენდერებში “თეთრი სია” სრულად არ უნდა გაუქმდეს და მხოლოდ მისი მოდიფიცირება უნდა მოხდეს.

როგორც BMG-ის თოიძემ განუცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელმა კომპანიებმა შესაბამისი საკითხი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დააყენეს.

“თეთრი სია არის გარკვეული პრივილეგია, რომელსაც კომპანიები იყენებდნენ რომ შემსყიდველ ორგანიზაციებთან ნახევარი უზრუნველყოფის გარანტია წარედგინათ, ანუ სახელმწიფო ფაქტობრივად ეხმარებოდა კომპანიებს ამ კუთხით

ჩვენ [შეხვედრაზე] დავაყენეთ საკითხი, რომ თეთრი სიის [სრულად] გაუქმებაზე არ იყოს საუბარი და განვიხილოთ მისი მოდიფიცირება. საერთოდ გაუქმებას ჩვენ არ ვეთანხმებით. ჩვენი აზრით, მთლიანად გაუქმება ინფრასტრუქტურის სექტორზე კარგად არ იმოქმედებს.

არიან კომპანიები, რომლებიც შესაძლოა, არაკეთილსინდისიერად მიუდგნენ “თეთრი სიის” საკითხს და აქედან გამომდინარე, მათი [მთავრობის] არგუმენტი ეს არის, თუმცა მთლიანად სექტორისთვის ეს ნამდვილად არ იქნება ჯანსაღი.

თუკი თეთრი სია გაუქმდება, სექტორის კონკურენტუნარიანობა, პროდუქტიულობა დაიწევს, შესაბამისად ბევრი კვალიფიციური კომპანია პროექტებში ვეღარ მოახერხებს მონაწილეობის მიღებას”, - განაცხადა ზვიად თოიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პრემიერის და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელ კომპანიებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი “თეთრი სიის” გაუქმება იყო. რევაზ სოხაძის განცხადებით, ეს საკითხი „მავნე პრაქტიკას უკავშირდება, ამიტომ უნდა გაუქმდეს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები