მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ვაკის პარკთან ბინა 1$ მლნ ღირს, იგივე ბიუჯეტით, ბერლინშიც შეიძენ სახლს, თუმცა არა ცენტრში“ - "რენტალსი"გერმანიის საბროკერო ბაზარზე გავიდა

გერმანია

ქართული საბროკერო კომპანიების ნაწილი საქმიანობას ევროპულ ბაზარზე აფართოებს. კომპანია "რენტალსი" საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში, კერძოდ კი ბერლინსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, უძრავი ქონების შეძენის პროცესში მხარდაჭერას შესთავაზებს.

კომპანიის განმარტებით, გერმანიის გარდა სამომავლოდ საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობის გაფართოებასაც გეგმავენ. გეგმაშია იტალიის, ესპანეთის და საფრანგეთის დამატებაც.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ერისთავმა გადაცემაა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი საქართველოსთან შედარებით დაბალია, მოთხოვნას სტაბილური გარემო და კაპიტალის დივერსიფიკაციის სურვილი განაპირობებს.

„საქართველოში გაჩნდა გარკვეული ფენა ადამიანებისა, რომლებიც უცხოურ ბაზრებს განიხილავენ, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობას და კაპიტალის დივერსიფიკაციის საშუალებას. ამ ტენდენციას დიდი ხანია ვაკვირდებით და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, პირველი ნაბიჯი თავად გადაგვედგა.რამდენიმე მსხვილი ბანკის წარმომადგენლებსაც შევხვდით და მათაც დაგვიდასტურეს, რომ მსგავსი ინტერესი ნამდვილად არსებობს. მათი შეფასებით, პროფესიული კონსულტაცია და მხარდაჭერა მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.

პირველ ეტაპზე გერმანიის ბაზრით ვიწყებთ, თუმცა ჩვენი მიზანია, სულ მცირე, ხუთი ქვეყანა მოვიცვათ. გეგმაში გვაქვს იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და გერმანია, ასევე აქტიურად განვიხილავთ არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარსაც.

აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ქართველმა ინვესტორმა ევროპაში ისეთივე ფინანსური ამონაგები მიიღოს, როგორსაც დღეს საქართველოში იღებს. თუ საქართველოში უძრავი ქონებიდან 8–10%-იან შემოსავალზე შეიძლება ვისაუბროთ, გერმანიაში ეს მაჩვენებელი, როგორც წესი, 2–3%-ის ფარგლებშია. თუმცა აქ მთავარი არა მხოლოდ შემოსავალია, არამედ კაპიტალის დივერსიფიკაცია, სტაბილური გარემო და ალტერნატიული საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა.“ - განაცხადა ერისთავმა.

კითხვაზე რა ღირს ბერლინში საცხოვრებელი სახლი, კომპანიაში განმარტავენ, რომ გარკვეულ ლოკაციაზე უძრავი ქონების შეძენა თბილისის ცენტრში არსებულ ფასადაც შესაძლებელია.

„საქართველოში უძრავი ქონების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს უკვე გვაქვს შეთავაზებები, სადაც ბინები 2 მილიონ დოლარად იყიდება და მსგავსი გარიგებებიც უკვე განხორციელებულია. ამჟამად ველოდებით ექსკლუზიურ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც მთაწმინდაზე მდებარე ბინის ღირებულება 4.4 მილიონი დოლარი იქნება.

ბუნებრივია, მსგავსი ბიუჯეტით ევროპაშიც შესაძლებელია მაღალი კლასის უძრავი ქონების შეძენაც. ხშირად გვესმის შედარებები საქართველოსა და ევროპის ბაზრებს შორის, თუმცა მნიშვნელოვანია, სწორი პარალელები გავავლოთ. ჩვენ არ ვადარებთ საქართველოს ყველაზე ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას გერმანიის ყველაზე ძვირად ღირებულ სეგმენტს.მაგალითად, თუ ვაკის პარკთან 200-კვადრატულიანი ბინა დაახლოებით 1 მილიონი დოლარი ღირს, ანუ კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით 5 000 დოლარია, ანალოგიური ბიუჯეტით ბერლინშიც შესაძლებელია ბინის შეძენა, თუმცა არა იმ ლოკაციაზე, რომელიც ბერლინისთვის ვაკის პარკის ეკვივალენტად მიიჩნევა. პრემიუმ უბნებში ბერლინში კვადრატული მეტრის ფასი შესაძლოა 20–25 ათას დოლარსაც აღწევდეს.“ - განმარტა ზურაბ ერისთავმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები