ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, თუკი საქართველოში „რუსულ კანონთან“ დაკავშირებული ნეგატიური პროცესები გაგრძელდება, შესაძლოა, მომავალში ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაუარესდეს.
მისი შეფასებით, გამოწვევაა, რომ საქართველომ ამ დრომდე ვერ მოახერხა „BBB” დონეზე ასვლა, ანუ საინვესტიციო რეიტინგის მიღება, ხოლო ამ ფონზე „ქართული ოცნების“ საგარეო კურსი არსებული რეიტინგისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.
ფინანსისტის თქმით, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები Fitch Ratings-ის შეფასებაში გარკვეულწილად უკვე აისახა, რადგან რეიტინგის „BB“ დონეზე დატოვების მიუხედავად, პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შემცირდა.
„ჯერ კიდევ არასაინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყანა ვართ. სამარცხვინოა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შევძელით “BBB” დონემდე ანუ სუვერენულ რეიტინგამდე ასვლა, რაც თავისთავად პრობლემაა. თუკი საქართველოში დღეს არსებული ვითარება გაგრძელდება, შესაძლოა, რეიტინგი კიდევ უფრო გაგვიუარესდეს. თუკი ასე გაგრძელდება, შესაძლოა, ჯერ ნეგატიურ პერსპექტივამდე ჩამოვიდეთ, ხოლო შემდეგ უკვე “BB” რეიტინგიც დავკარგოთ. თუკი არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებაში დარჩება, მე სხვა სცენარს ვერ ვხედავ. თუმცა თუკი არჩევნების შედეგად პროდასავლურად განწყობილი კოალიციური მთავრობა გვეყოლება და სწორად განვითარდება პროცესები, ეს ძლიერი სიგნალი იქნება სარეიტინგო სააგენტოებისთვისაც და შემდეგ რეიტინგის გაუმჯობესების შანსიც გვექნება“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა, თუმცა პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შეამცირა.
როგორც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებაშია აღნიშნული, რუსული კანონის მიღება საქართველოსთვის მაღალი პოლიტიკური რისკია, რამაც, EU-სა და აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობები გააუარესა და შესაძლოა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაფერხოს.