PMCG კვლევითი ცენტრმა მოამზადა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობის ფასილიტაციის პერსპექტივებია შეფასებული. როგორც დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი და PMCG-ის უმცროსი მკვლევარი, გუგა ცუხიშვილი "საქმიან დილაში" აღნიშნავს, კვლევის მიზანი, ერთი მხრივ, ყაზახეთთან ვაჭრობის განვითარებისთვის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი, შუა დერეფნის პერსპექტივების შეფასება იყო. კვლევა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დაკვეთით შესრულდა.
"კვლევის მიზანი იყო, ერთი მხრივ, ვაჭრობის ფასილიტაციის წახალისება საქართველოსა და ყაზახეთს შორის, სწორედ იმ პროდუქტების იდენტიფიცირებით, რომლებიც საინტერესოა ამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობისთვის, ხოლო მეორე მხრივ, შევისწავლეთ გეოპოლიტიკური გარემოება, რამაც გაზარდა შუა დერეფნის აქტუალურობა, მოვიკვლიეთ ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებიც ამ კორიდორზე ვაჭრობის კუთხით არსებობს და რა როლი აქვს ამ ყველაფერში საქართველოს; რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ კორიდორი არ იყოს ერთჯერადი აქტუალურობის და ჰქონდეს განგრძობითი ეფექტი", - ამბობს გუგა ცუხიშვილი.
კვლევის მიგნებებზე საუბრისას, PMCG-ის მკვლევარი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდში გაზრდილი აქტუალობისა, შუა დერეფანი საერთაშორისო დანიშნულებას 2030 წლამდე ნაკლებად შეინარჩუნებს, ამ გამოწვევის გადასაჭრელად კი შუა დერეფანში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ჩართულობაა საჭირო.
"ვეყრდნობით მსოფლიო ბანკის მოდელს, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ შუა დერეფნის საერთაშორისო აქტუალურობა გაიზარდა, ის მაინც დარჩება რეგიონალური ვაჭრობისთვის საჭირო კორიდორად და მასში ნაკლები იქნება საერთაშორისო ტვირთები, მაგალითად, 2030 წლისთვის. ასეც რომ მოხდეს, საკმაოდ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი არის განსახორციელებელი.
თუმცა, ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც, დიდი წილი იქნება რეგიონული ვაჭრობის და ზუსტად აქ შემოდის კორიდორის ქვეყნებს შორის ვაჭრობის ფასილიტაციის პროცესი, რომელსაც ეს დოკუმენტი ისახავდა მიზანს, თუ საქართველოს და ყაზახეთს, ან ცენტრალური აზიის რომელიმე ქვეყანას შორის ვაჭრობა იქნება წახალისებული, შუა დერეფანი აქტუალურობას არ დაკარგავს, თუმცა გამოწვევები ძალიან ბევრია და აუცილებელია მათ გადასაჭრელად ნაბიჯების გადადგმა", - აღნიშნავს გუგა ცუხიშვილი.
შუა დერეფნის პოტენციალის შეფასებისას, ცუხიშვილის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრეცედენტი არსებობს, თუმცა ის არ არის ინკლუზიური და მხოლოდ სახელმწიფოებრივ ზედა დონეზე მიმდინარეობს, კერძო სექტორის ჩართულობა კი ნაკლებია ან საერთოდ არ არის.
არსებული გამოწვევების დასაძლევად და მცირე აზიასთან ვაჭრობის ზრდის ტემპის შენარჩუნებისთვის, როგორც გუგა ცუხიშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანი იმ პატარა რისკების გადაზღვევაა, რომლებიც PMCG-ის ანალიზით გამოიკვეთა.
"კომპლექსური მიდგომა აუცილებელია, მაგრამ არსებობს პატარა რისკები, რომლებსაც დაწვრილმანებული მიდგომა სჭირდებათ. ამის მაგალითი იყო იგივე ავტომობილებით ვაჭრობა, რაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია დავინახოთ გამოწვევები, რაც არსებობს. ბოლო დროს ბუმი იყო ცენტრალურ აზიაში ავტომობილების რეექსპორტის, რასაც თავისი მიზეზები აქვს და ერთი მხრივ, რუსეთთან არაპირდაპირ ვაჭრობაზე მიუთითებს, მაგრამ, მეორე მხრივ, იმაზე, რომ დიდი იყო მოთხოვნა ზოგადად ცენტრალური აზიის ბაზარზე.
გამოწვევა ისაა, რომ ცენტრალურ აზიაში გაიზარდა ჩინეთიდან იმპორტი, ასევე ძლიერდება ადგილობრივი წარმოება, შესაბამისად, საქართველო თუ აქამდე ჰაბის როლს ასრულებდა ავტოექსპორტის მიმართულებით, შესაძლოა, საერთოდაც გამოეთიშოს ამ პროცესებს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ ამ რისკებს გადავაზღვევთ", - ამბობს PMCG-ის უმცროსი მკვლევარი.
სავარაუდოდ, საქართველოდან ცენტრალურ აზიაში გატანილი მანქანების ნაწილი, საბოლოოდ რუსეთში ხვდება - PMC