ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ რაოდენობრივად მზარდი ტურისტული ნაკადები პირდაპირ პროპორციულად ბიზნესის შემოსავლებზე დადებითად ვერ აისახება.
როგორც BMG-ის ტურიზმის სტატისტიკის შეფასებისას „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. მისივე თქმით, საქართველოს ძირითადად მეზობელი და აზიური ქვეყნებიდან სტუმრობენ, ამ ბაზრებიდან ვიზიტორები კი შედარებით დაბალმხარჯველები არიან.
“არანაირი ოფიციალური სტატისტიკა არ მჭირდება იმიტომ, რომ მთელი სეზონის განმავლობაში საქართველოს გარშემო არაერთხელ ვიმოგზაურე, ყველა რეგიონში - თუშეთში, სვანეთში, ხევსურეთში, აბსოლუტურად ყველა იმ კუთხეში სადაც სტუმრები ჩადიან ხოლმე. ასევე შემიძლია დავეყრდნო იმ სტატისტიკას, რომელსაც გვაძლევენ ჩვენი მეგობრები, კოლეგები, დასაქმებული ტურიზმის სფეროში პირდაპირ და არა პირდაპირ - მეღვინეობები, საოჯახო სასტუმროები, გიდები, მძღოლები. აბსოლუტურად ყველას აქვს იგივე მოსაზრება, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების, ანუ ევროპელების, ამერიკელების, იაპონელების, ავსტრალიელების [რაოდენობა] საგრძნობლად შემცირებულია და ყველგან ჭარბობს რუსი ტურისტი, ასევე ჩინეთიდან, ინდოეთიდან ჩამოსულები, არაბული ქვეყნებიდან.
ეს ის ბაზრებია, რომლებიც ჩვენთვის ეკონომიკური და ფინანსური მხრივ მოგებიანი ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ ამ ბაზრებიდან ჩამოსულ სტუმრებს არ აინტერესებთ არც ქართული სამზარეულო, არ ჭამენ ქართულ საჭმელებს. ასევე ეს ის ხალხია, ვინც აბსოლუტურად არ ინტერესდება ჩვენი ღვინით. ამ ორი რგოლის ამოგდების შემთხვევაში, უდიდესი პრობლემა ექმნება ტურიზმის და მასპინძლობის სექტორს, იმიტომ რომ ამაზეა მიბმული უამრავი სასტუმრო, რესტორანი, კაფე, საოჯახო ბიზნესები. ეს ის ხალხი არ არის, ვინც შეიძლება სექტორისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავლები მოიტანოს, იმიტომ რომ ისინი ცოტას ხარჯავენ.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ისიც, რომ მათ არ აქვთ მაღალი მოთხოვნები. შესაბამისად ჩვენ რომ ვატრენინგებთ ხალხს, რათა იყვნენ პროფესიონალი უმაღლესი დონის მძღოლები, გიდები და სასტუმროს პერსონალი და კვების ობიექტებშიც მაღალი დონის სერვისი შევთავაზოთ, მათ ეს მოთხოვნილება არ აქვთ. რაც აისახება მერე უკვე ჩვენს სერვისზეც და ვფუჭდებით, სერვისიც ფუჭდება და ვეჩვევით ცუდ მომსახურებას, რომელიც წლების წინ ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ შემდეგ უკვე ევროპული ტურისტების სიმრავლის გამო ეს სერვისი გაუმჯობესდა და წინ წავედით, მაგრამ ახლა ისევ უკან მივდივართ სამწუხაროდ. რომ შევაფასოთ განვლილი 2025 წელი, იყო იმაზე ცუდი ვიდრე 2024 და კიდევ უფრო ცუდი, ვიდრე 2023 წელი. ეს უარყოფითი ტენდენცია სამწუხაროდ, გრძელდება”, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, 2025 წლის განმავლობაში საქართველოს 7.8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით არის გაზრდილი, საიდანაც 5.5 მილიონი ვიზიტი უშუალოდ ტურისტულ ვიზიტს წარმოადგენდა, რაც წლიურად 8.4%-ით არის გაზრდილი.
ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი კვლავ რუსეთის ფედერაციიდან ჰყავდა, რაც 1.57 მილიონს შეადგენდა (ზრდა 11%); მეორე ადგილზეა თურქეთი 1.24 მილიონი ვიზიტით (კლება 6.6%), სომხეთიდან კი საქართველოში გასულ წელს 948 ათასი ვიზიტორი შემოვიდა (უცვლელია). რეიტინგში ასევე შედიან ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.
ამასთან, საქართველოს ტურიზმის ტოპ 10-ში ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა არაა. EU-დან ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან შემოვიდა 84 ათასი ვიზიტორი (ზრდა 6%), რითიც გერმანიამ მთლიან რეიტინგში მეცამეტე ადგილი დაიკავა.




























