მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურისტები კითხულობენ, არიან თუ არა სერვისის მიმწოდებლები აცრილები“

60bb0b09cb154
თათია ჩაფიჩაძე
05.06.21 14:17
906
მესტიაში მდებარე საოჯახო სასტუმრო „უშბა ჰილსის“ მფლობელი ბექა დადეშქელიანი კოვიდ რეალობაში ტურისტების შეცვლილ ქცევასა და გამოკვეთილ ტენდენციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სერვისის მიმწოდებლებში ვაქცინაციის დაბალი ტემპები ტურისტებისთვის დაბრკოლებაა. ტურის დაგეგმვისას ისინი ინტერესდებიან როგორც ობიექტში მომუშავე პერსონალის აცრის მაჩვენებლით, ასევე ქვეყანაში მოქმედი წესებითა და შეზღუდვებით, ამ შემთხვევაში კი მთავარი თავის შემაკავებელი ფაქტორი ისევ და ისევ კომენდანტის საათი რჩება.

„ინტერესი მზარდია, აქტიურობს ისრაელი, აშშ, ჩეხეთი, უკრაინა, ასევე გერმანია. გამოწვევად რა თქმა უნდა რჩება სექტორში ვაქცინაციის ტემპი, მაშინ როცა სერვისის მიმწოდებელი ხარ ამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდე. ნიშანდობრივია, რომ თავად ტურისტებიც კითხულობენ ვართ თუ არა აცრილები. დღეს ძალიან ცოტაა ამ სექტორში ვაქცინირებული პირი და ეს დინამიკა ძალიან არასახარბიელოა, გვჭირდება ამ მხრივ აქტიურობა, რომ ტურისტებისთვის უსაფრთხო ვიყოთ.

გარდა ამისა ისეთი ვიზიტორები, რომელსაც არ აქვს ჩატარებული ვაქცინაცია და უწევთ 3 დღეში ერთხელ PCR ტესტის გაკეთება, ეს მათ ხარჯებს ზრდის და ამის გამო მცირდება აქ გატარებული დღეების რაოდენობა. გაჩნდა პრივატულობის მომენტი, გააქტიურდა კერძო ავტომობილების დაქირავებაც, დამსვენებლებს უფრო მეტად სურთ, ნაკლები შეხება ჰქონდეთ სხვებთან და ერიდებიან ხალხმრავალ ადგილებს. პრობლემებს შორის ისევ რჩება კომენდანტის საათი, კატასტროფაა ეს და აუცილებლად უნდა გადახედოს პასუხისმგებელმა პირმა “ – მიიჩნევს დადეშქელიანი.

კიდევ ერთ უმნიშვნელოვანესი საკითხი, რასაც სექტორი აყენებს, კონკრეტულად გაწერილი გეგმის არარსებობაა. დადეშქელიანი ამბობს, რომ მიმდინარე ტურისტული სეზონის წარმართვა სწორედ გეგმაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ჯერ ისევ ბუნდოვანია. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, „უშბა ჰილსის“ წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ფასების ცვლილებას მიმდინარე თვეში დატვირთულობის მაჩვენებელი განსაზღვრავს.

„2019 საუკეთესო წელი იყო და რთულია მასთან შედარება, ნახევრსაც ვერ მივიღებთ, ამაში დარწმუნებული ვარ. მეორე ნიუნასია ფასების პოლიტიკა, კონკურენცია დიდია და სასტუმროები იყენებენ ფასდაკლებებს, ამიტომ ცვლადია ფასები ბაზარზე, მომატების ტენდენცია ჯერ არ არის, თუმცა ვვარაუდობ, რომ თუ ივნისი იქნება დატვირთული, ფასები გაიზრდება. ივნისი იქნება ერთგვარი ინდიკატორი ყველაფრის და თუ როგორ გაგრძელდება ზაფხულის ტურისტული სეზონი.

ასევე მნიშვნელოვანია საერთო ენაზე საუბარი, გეგმა, რომლითაც ვიმუშავებთ და დავეხმარებით სექტორს, რომ დავძრათ პროცესები, ჯერ ეს არ არსებობს და მაშინ როცა დღეს უკვე ივნისია, მაგიდაზე მინიმუმ ასეთი სამუშაო გეგმა უნდა გვედოს, უნდა გვქონდეს მითითებები, რითაც შევძლებთ სიტუაციის გამოსწორებას“ - განაცხადა დადეშქელიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები