მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმში რიცხვები გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე აღქმები - მარიამ ქვრივიშვილი

64bf970498fd6
ინგა მურუსიძე
25.07.23 13:52
578
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 2,529,517 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე. ასეთი ზრდის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი მაინც მიუთითებს, რომ რეალური ვიზიტორების ნაკადი პანდემიამდელ დონესთან შედარებით შემცირებულია და ასეც არის, რადგანაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანას 21%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი სექტორის კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ ტურიზმში რიცხვები გაცილებით მეტს საუბრობს, ვიდრე აღქმები.

„სიმართლე გითხრათ, ვერ დაგეთანხმებით [რომ ტურიზმის აღდგენა ვერ იგრძნობა ბიზნესისთვის], რადგან ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. ყოველი თვე განსხვავებულია ერთმანეთისგან, შესაბამისად, შეიძლება ვნახოთ დღეს სასტუმრო, რომელიც მთლიანად დატვირთულია, ხვალ ეს სასტუმრო არ იყოს მაღალი დატვირთვის კოეფიციენტის მქონე, თუმცა, რა თქმა უნდა, ციფრები ტურიზმში უფრო ხმამაღლა საუბრობს, ვიდრე აღქმები. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის იმ სტატისტიკის შეფასება, რომელიც მუდმივად ქვეყნდება.

ჩვენს ქვეყანაში პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, 2 მილიონ 900 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენის დინამიკამ უკვე 90%-ს გადააჭარბა, ასევე მნიშვნელოვანი მონაცემია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ფაქტობრივად სრულად აღდგა და პანდემიამდელ მაჩვენებლებს 37%-ით გადააჭარბა. ყოველივე ეს და ისიც, რომ ავიაციის ინდუსტრიაში აღდგენის ასეთი კარგი დინამიკა გვაქვს, რა თქმა უნდა, პასუხობს კითხვას იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია კიდევ უფრო მეტად ძლიერდება. აღდგენის დინამიკა გვაქვს მაღალი და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენი შედეგი იყოს წარმატებული და ამ დარგში მომუშავე კერძო სექტორი გრძნობდეს ეკონომიკურ სარგებელს, შემოსავალს, ქმნიდეს ახალ სამუშაო ადგილებს, რომლის საშუალებასაც ტურიზმის ინდუსტრია კერძო სექტორს აძლევს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, როგორც სასტუმროების ფედერაცია აცხადებს, საქართველოში წელს სასტუმროების დატვირთულობა, გასულ წელთან შედარებით, 15%-ით არის შემცირებული, 2015-16 წლებთან შედარებით კი, მათი შემოსავლების 70%-იანი კლება ფიქსირდება. იმას, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტებისგან მოთხოვნა ბიუჯეტურ განთავსების ობიექტებზეა, BMG-ს გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში ჰოტერილიერი მაია მურაჩაშვილმაც დაადასტურა.

„წელს ყოველდღიური შეწონილი ფასის კლება ნამდვილად არის დაფიქსირებული, ეს ძირითადად გამოწვეული იმით, რომ წელსაც, ისევე როგორც შარშან, უფრო ბიუჯეტური ტურისტები შემოდიან. სამწუხაროდ, მაღალმხარჯველობით უნარიანი ტურისტების ევროპისა და ამერიკის ბაზრიდან შემოსვლა ძალიან შემცირდა. ტურისტული სააგენტოებიც გვიდასტურებენ, რომ ისინი სასტუმროებზე ძალიან დაბალ ფასებს ითხოვენ", - თქვა მურაჩაშვილმა.

ტურიზმში მეორე კვარტლის შედეგებით კმაყოფილი არაა ჰოლდინგ „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელი პაატა კოკაიაც. „არც მარტის, არც აპრილის, არც მაისის შედეგებით კმაყოფილი არ ვართ, უფრო - პირიქით“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მეორე კვარტალში ტურისტების ნაკადის შეფასებისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები