21 მარტს სახალხო მოძრაობა #სოცაფეთქების ორგანიზატორები მთავრობის კანცელარიასთან "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით აქციას გამართავენ.
როგორც BM.GE-სთან საუბრისას აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, გიდი ალექსანდრე გიორგიძე აცხადებს, დღეს არსებული შეზღუდვის - „კომენდანტის საათის“ გამო, პოტენციური ტურისტები საქართველოში მოგზაურობისგან თავს იკავებენ.
„ჩვენ მოვისმინეთ დღეს ამირან გამყრელიძის განცხადება რომ კომენდანტის საათის საკითხს საკოორდინაციო საბჭო თვის ბოლომდე განიხილავს. რეალურად, როდესაც ვიწყებთ ხმაურს მათი რეაქციაც არ აყოვნებს. თუმცა, ე.წ კომენდანტის საათის 22 საათამდე გადაწევა საკმარისი არ იქნება. ეს შეზღუდვა საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან ასეთ პირობებში ტურიზმი ვერ მუშაობს.
მაგალითისთვის გეტყვით, რომ საქართველოში მოგზაურობის სურვილით არაერთ შეტყობინებას ვიღებთ. პირადად მქონდა კომუნიკაცია საფრანგეთთან, პოლონეთთან, ლუქსემბურგთან, ლატვიასთან, რუსეთთან და ყაზახეთთან. ამ ქვეყნებიდან საქართველოში მოგზაურობის სურვილს ბევრი გამოთქვამს, მაგრამ მაშინვე უქმდება როგორც კი დეტალებზე მიდის საუბარი. ისინი "კომენდანტის საათის" შეზღუდვის გამო ვერ ჩამოდიან“, - აცხადებს ალექსანდრე გიორგიძე.
მისივე ინფორმაციით, გიდების გაანგარიშებით, დღეს არსებული ავიარეისებით საქართველოში, აპრილში, მოგზაურობის მიზნით 1 500 ვიზიტორი შემოვა, მაშინ როდესაც ქვეყანაში 2 500-3 000 გიდი მუშაობს.
„დღეისთვის არსებული რეისები - სტამბულიდან, მინსკიდან, ერევნიდან და ა.შ. აპრილში მაქსიმუმ 6 000 – 10 000 კაცამდე შეიძლება ჩამოფრინდეს, რომელთა დიდი ნაწილი პირადი მიზნებით ან საქმიანი ვიზიტით ჩამოდის, შესაბამისად ტურისტული მიზნებით 1 500 ვიზიტორი რჩება, მაშინ როდესაც ქვეყანაში 2 500-3 000 გიდია. ამიტომ მაისამდე დიდ აქტივობას არ ველით“, - ამბობს გიდი და დასძენს, რომ ავიაკომპანიებსაც, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის სურვილს გამოთქვამენ, გარანტიები სჭირდებათ, რომ ხელისუფლების მხრიდან სტაბილური გარემო იქნება შექმნილი.
ცნობისთვის, #სოცაფეთქების მიერ ორგანიზებული აქციების პერიოდში „თავისუფლების ინსტიტუტის“ იურისტებმა მთავრობის წინააღმდეგ შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით, სახალხო სარჩელი მოამზადეს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.