მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით, 21 მარტს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

604f508a1f7f9
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.21 16:44
1102
"21 მარტს, 14:00 საათზე, "კომენდანტის საათის" გაუქმების მოთხოვნით, #სოცაფეთქება მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციას გამართავს. ასევე შედგება საკონსტიტუციო სარჩელზე საჯარო ხელისმოწერა", - ინფორმაციას ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფი #სოცაფეთქება ავრცელებს.

მათი განმარტებით, დღემდე მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართულმა საპროტესტო აქციებმა და გამოსვლებმა რიგ შემთხვევაში შედეგი გამოიღო.

„მოძრაობა #სოცაფეთქებამ არა ერთ სოციალურ პრობლემაზე წარმატებით გამოხატა და გააჟღერა საზოგადოების ხმა. განსაკუთრებით, იმ საკითხების შესახებ, რაც სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური თუ მომსახურების სფეროს მუშაობას აბრკოლებდა და პანდემიის ე.წ. პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებით,  ადამიანებს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად წაართვა.

ჩვენი აქტივობების შედეგად მიღწეული რიგი შემსუბუქებების მიუხედავად, ვთვლით, რომ კიდევ დარჩა საკითხები, რომლებიც აქტიურ გაჟღერებას მოითხოვს - უმთავრესი კი, არის "კომენდანტის საათის" გაუქმება, რომელიც ერთნაირად უშლის ხელს ბიზნესის, თუ სხვა სოციალური სფეროების სრულყოფილ ფუნქციონირებას“, - წერია საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, აქციების პერიოდში „თავისუფლების ინსტიტუტის“ იურისტებმა მთავრობის წინააღმდეგ სახალხო სარჩელი მოამზადეს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.

„აღნიშნული პრობლემების და სამომავლოდ, მსგავსი არასასიამოვნო პრეცედენტების თავიდან ასაცილებლად, რაც ხელისუფლების უგუნურმა ე.წ. „ლოქდაუნმა“ გამოიწვია, #სოცაფეთქების ინიციატივითა და „თავისუფლების ინსტიტუტის“ იურისტების ჩართულობით მომზადდა (სახალხო/ საზოგადოებრივი) კოლექტიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად, რომელიც ითვალისწინებს იმ ბიზნესების, სხვადასხვა ჯგუფების თუ კერძო პირების ინტერესების დაცვას, რომელთაც უკიდურესად იზარალეს გაუაზრებელი ჩაკეტვებით და გადაჭარბებული რეგულაციებით.

საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი მოიცავს შემდეგ სადავო სამართლებრივ აქტებს:

1. საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“;
2. საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;
3. საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“;
4. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N 322 დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ (იზოლაციისა და კარანტინის წესები).

ამავე დღეს, კანცელარიის წინ საჯაროდ მოეწერება ხელი აღნიშნულ სარჩელს, როემლზეც ხელმოწერის საშუალება  პანდემიური შეზღუდვებით დაზარალებულ და დაინტერსებულ ნებისმიერ პირს აქვს.

მოძრაობა #სოცაფეთქებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სამართლებრივი გზა და მაქსიმალური საზოგადოებრივი ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომ ობიექტურად განიხილოს (სახალხო) სარჩელი.

შემოგვიერთდით, ერთად მოვითხოვოთ კომენდანტის საათის მოხსნა და ხალხის სახელით წარვადგინოთ საკონსტიტუციო სარჩელი!“, - აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში.

მათივე ინფორმაციით, აქციის ბოლოს #სოცაფეთქების სამომავლო ნაბიჯები, შემდგომი აქტივობის ანონსი და მთავრობისადმი მიმართული ულტიმატუმები გაჟღერდება.